ზაზა დავითაია შავგულიძეზე: ჩემი დამცველი იყო ბოკერიას ხროვისგან, ახლა მათთანაა, ვისგანაც მიცავდა

0

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, ზაზა დავითაია სასამართლოს ზონდერების მფარველობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზაზა დავითაიას თქმით, 18 აპრილს  უზენაესი სასამართლოს შენობასთან, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო სასამართლომ ის 1000 ლარით დააჯარიმა, მასზე თავდამსხმელს კი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. როგორც ზაზა დავითაია აცხადებს, აქციაზე „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს, შალვა შავგულიძეს კითხვას უსვამდა, რა დროსაც პარტიის წარმომადგენელი – დავით ნაფეტვარიძე დაუპირისპირდა, შეაგინა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა.

„გახლავართ წინა რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი. მოგეხსენებათ, წაყენებული მქონდა ბრალდება შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობა და ამ ბრალდების გამო, იმ საშინელი რეჟიმის პირობებში ციხეში გვატარე, 4, 5 წელი. გავთავისუფლდი 2011 წელს, ხოლო შარშან, 25 მაისს სასამართლოს ძალით ვიქენი რეაბილიტირებული, ანუ დადგა განაჩენი, როდესაც სასამართლომ აღიარა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ წაყენებული ბრალდება იყო შეთითხნილი.

მინდა, ჩემი საუბარი დავიწყო იმით, რომ საქართველოში რეჟიმი არ დამთავრებულა. რეჟიმი გრძელდება, ეს არის “რეჟიმი ცოცხების გარეშე”. ანუ წამებას ადგილი აღარ აქვს, ლაპარაკია  ფიზიკურ წამებაზე, მაგრამ წამების კვალიფიკაციას თუ განვიხილვათ, წამების ფორმაა ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ადამიანის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც ის ვერ ახერხებს მის მიმართ სამართლიანობის დადგენას. ეს უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების პრობლემაზე მეტყველებს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არ ვაპირებ, დავუპირისპირდე სახელმწიფო ორგანოებს  იმიტომ, რომ ვარ სახელმწიფოებრივი შეგნების ადამიანი. ვზრუნავ და გულწრფელად ვარ მონდომებული იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის სასამართლო, ძალოვანი ორგანოები, მათ შორის პოლიცია, იყოს ისეთი, როგორიც ეს შეეფერება ამ ინსტიტუტის ღირსეულ, სტანდარტულ სახეს.
ინციდენტი, რომელიც ჩემ  მიმართ დაფიქსირდა მიმდინარე წლის 18 აპრილს, იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი არ დამთავრებულა, ეს რეჟიმი გრძელდება, რომ ძველი სისტემა, როცა ზონდერები ძალადობდნენ მოქალაქეზე და ჟურნალისტზე, პოლიციელი „აპრავებდა“ ზონდერის საქციელს, მოსამართლე „აპრავებდა“ როგორც ზონდერის, ისე – პოლიციელის საქციელს, კვლავ ძალაში რჩება. პირველ ყოვლისა, მინდა, წარმოგიდგინოთ იმ დანაშაულის კადრები, რაც ჩემ მიმართ მოხდა. ეს დანაშაული მოხდა დღისით, მზისით, თბილისის ცენტრში, უზენაესი სასმართლოს წინ, 30-მდე ტელეკამერის წინ, 200-მდე შეკრებილი ადამიანის თვალწინ. მსხვერპლი წარმომაჩინეს მოძალადედ , მოსამართლე ნათია ტოგონიძემ რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძეების კლანის ღირსეული გამგრძელებელია, მომისაჯა 1000-ლარიანი ჯარიმა. პირიქით, გამამტყუნა იმ სიტუაციაში, სადაც იურიდიულად, მორალურად ვარ მართალი.
შავგულიძის მიმართ დასმული ჩემი კითხვა ლეგიტიმურია, მწვავეა, არის ჟურნალისტის დასმული. ვკითხე: ბატონო შალვა, მასამართლებდნენ ის ადამიანები, რომელთა გვერდით ახლა თქვენ დგახართ, რატომ დგახართ ამ ადამიანებთან, გვერდით?
ამ დროს ჩემკენ დაიძრა დავით ნაფეტვარიძე, მეტსახელად „კოღო“, ის დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, ამჟამად ბოკერიას პარტიის დიდუბის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. კითხვას ვსვამ, ვარ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში, ადამიანი მიპირებს გათრევას, ზურგიდან მირტყამს, ვეუბნები რომ ჟურნალსიტი ვარ. შემაგინა, შევაგინე. მოდის პოლიცია, ხელებს მიკავებს, მაკავებს, უკვე დაკავებულს ეს ადამიანი, ეს ზონდერი პოლიციელების გარემოცვაში თავში მირტყამს ხელს. მას პოლიცია პასუხს არ აძლევს, ანუ რეალურად ზონდერს მფარველობს, მე მაპატიმრებენ. ხოლო ბრალდება რაც წარმომიდგინეს, რომ პოლიციას ხელი ვკარი, ეს იყო ჩემი აღშფოთებული ჟესტი, როცა დავინახე, პოლიცია მოვიდა, ვფიქრობ მოძალადეს დააკავებენ, ამ დროს პირიქით, მე მიკავებენ ხელებს, იყო ჩემი აღშფოთება – რას აკეთებთ -მეთქი“, – განაცხადა ზაზა დავითაიამ.
დავითაიამ განცხადება შალვა შავგულიძის შესახებაც გააკეთა და თქვა, რომ შავგულიძემ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები, ფაქტობრივად, თავის თავზე აიღო.
„შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით მინდა, გავაკეთო აქცენტი. ადამიანი, რომელიც იყო უფლებადამცველი, ჩემი დამცველი ბოკერიას ხროვისგან, მე მას ვუსვამ მწვავე, მაგრამ ლეგიტიმურ კითხვას, როგორ აღმოჩნდა იმ ადამიანების გვერდით, რომლისგანაც მე ის მიცავდა. მისი თანდასწრებით კვლავ ძალადობს ბოკერიას ხროვა ჩემზე, ამ დროს შავგულიძის რეაქცია არის ნული. ჩემი კითხვაა მის მიმართ: „ბატონო შალვა, ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლებაში თქვენ რომ მოხვიდეთ , მოქალაქეს, რომელსაც უსამართლოდ ებრძვის ზონდერი და პოლიცია ერთდროულად, ზუსტად ისე გამოექომაგებით, როგორც ეს მოხდა იმ ბრიფინგზე, სადაც თქვენი თანდასწრებით ჩემ  მიმართ ახალი უსამართლობა განხორციელდა?“
შავგულიძე ამ შემთხვვეაში არის ტიპური წარმომადგენელი ჯალათური, რეპრესიული რეჟიმისა, ის არის გამგრძელებელი იმ საქმისა, რასაც ჩადიოდნენ. შალვა შავგულიძემ, ფაქტობრივად, თავის თავზე აიღო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები, კეთილი უნდა ინებოს, იმავე დანაშაულისთვის თავად აგოს პასუხი.
არ ვაპირებ, ვიარო ხულიგნის იმიჯით  ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ჩავიცვი რკინის ქალამანი და შევძელი, ჩემი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა, დამემტკიცებინდა, რომ შეიარაღებული გადატიალების ბრალდება ჩემ  მიმართ შეთითხნილი იყო, დღეს ამ ხელისუფლებამ თამასა დაბლა დასწია ჩემ  მიმართ. ისინი შეიარაღებულ გადატრიალებას მაინც მაბრალებდნენ და ამათ ხულიგნად გამოვყავარ. ჩავიცვამ რკინის ქლამანებს იმისათვის, რათა დავადგინო ჩემი უდანაშაულობა“, – განაცხადა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი