სოფო ქაცარავა: აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც პრემიერის ვიზიტმა და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანლის, სოფო ქაცარავას შეფასებით, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაყოფიერი და წარმატებულია.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პრემიერმინისტრის ვიზიტმა, მათ შორის – მამუკა ბახტაძის შეხვედრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.
„ამ ვიზიტის დროს განსაკუთრებული ფოკუსი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება იყო, ეს კიდევ ახალი ეტაპია, რადგან ჩვენ ამერიკასთან ძალიან ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვასა და უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული მიღწევები გვაქვს. ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილში განსახილველად. რაც შეეხება პომპეოსთან შეხვედრას, გზავნილები, რაც მოვისმინეთ, საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებს სრული მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ძალიან მკაფიო გზავნილები იყო ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ამ მიმართულებით ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სრულ თანხვედრაში ვართ, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ზუსტად იმას აკეთებს, რომ ყველანაირი რეფორმა გატარდეს სფეროებში, რაც დასახელებული იყო, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.
„ამაში ამერიკის გზავნილებთან სრულ თანხვედრაში ვართ. საქართველო და ჩვენი გუნდი რეფორმებს ატარებს იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს. მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები