სააკაშვილი გრიცენკოს პარტიასთან გაერთიანებაზე: გუშინ მე ვნახე მათი ყრილობა, ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა – მიხეილ სააკაშვილმა ახსნა, თუ რატომ არ ისურვა წინასაარჩევნოდ ანატოლი გრიცენკოს „სამოქალაქო პოზიციასთან“ გაერთიანება. სააკაშვილის თქმით, ძველი პოლიტიკოსების დრო წავიდა და ისინი უკრაინელებში ენთუზიაზმს არ აღძრავენ.

„მე მის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, მაგრამ გუშინ ვნახე მათი ყრილობა. ჩვენ სხვადახვა ადამიანები ვართ, სხვადასხვა ენერგეტიკა გვაქვს, სხვადასხვა მტერი გვყავს. მე მართლა მყავს მტრები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ბატონ გრიცენკოს ან სხვა ტრადიციულ პოლიტიკოსებს უკრაინაში ჰყავთ მტრები. საქმე ხუთეულზე და ათეულზე არ არის… ამ დროის გამოწვევა დიადი იდეებია. სად არის იქ დიადი იდეები? ისინი,  ყველა  პიროვნებები არიან, საინტერესო პიროვნებები, მაგრამ ისინი ამბობენ – ეს მე ვარ შემომხედეთ და ხმა მომეცით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, გრიცენკოსა და სააკაშვილის პარტიები ვერ გადალახავენ პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიან ბარიერს.

მიხეილ სააკაშვილთან გაერთიანების სურვილი ცოტა ხნის წინ ყოფილმა დეპუტატმა, ასევე, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა – ანატოლი გრიცენკომ გამოთქვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ „სამოქალაქო პოზიციამ“ და „ახალი ძალების მოძრაობამ“ ვერ შეძლეს მოლაპარაკება არჩევნებზე ერთად გასვლაზე. სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ახალი ძალების მოძრაობა“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები