აკადემიკოს ინესა მერაბიშვილის ლექცია გაიმართება

12 ივნისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფრენციო დარბაზში, აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,დედნისეული ტექსტის ანალიზი, როგორც თარგმანის აუცილებელი პირობა ბაირონის პოემის ,,The Prisoner of Chillon“ (,,შილონელი ტუსაღის“) მაგალითზე“.
ინესა მერაბიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტი, თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორი, საქართველოსა და ბრიტანეთის საზოგადოების საპატიო წევრი, საერთაშორისო ელჩის ორდენის კავალერი. იგი არის ასზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის და მონოგრფიები ავტორი. 2014 წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ინესა მერაბიშვილს „ოქროს ფრთა“ გადასცა, რასაც წინ უძღვის მრავალი ჯილდო და პრემია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი; ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიას საქართველოს მწერალთა კავშირიდან; საერთაშორისო პრემია „ოქროს არტი“ ხელოვნების აკადემიიდან; ბაირონის მედალი-ბაირონის საერთაშორისო საზოგადოებიდან; „ოქროს არწივი“ – ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოებიდან.
ინესა მერაბიშვილი არის დიდი ბრიტანეთის პოსტ-კონფლიქტურ კულტურათა კვლევის საერთაშორისო კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრი. ბრიტანული აკადემიური წრეების წარდგინებით საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2005 წელს ინესა მერაბიშვილს მიანიჭა საერთაშორისო ელჩის ორდენი და წოდება Her Excellency – მისი აღმატებულება. ინესა მერაბიშვილმა ინგლისურად თარგმნა გალაკტიონის პოეზია, რომელიც ორჯერ გამოიცა ინგლისში და ლონდონში გაიმართა თარგმანების პრეზენტაცია.
გასულ წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ლონდონსა და სტრასბურგში (ევროპის საბჭოს ერთ-ერთ სხდომათა დარბაზში) ინესა მერაბიშვილის ლექცია-საუბრებმა ბაირონსა და გალაკტიონზე ასობით ადამიანი, მათ შორის, სახელმწიფოთა ელჩები დაარწმუნა, „რატომ არის საქართველო ათ უძველეს მსოფლიო ცივილიზაციაში მესამე ადგილზე მყოფი ქვეყანა“, _ ნათქვამია ერთ-ერთ პუბლიკაციაში. განხილვაში მონაწილე მაღალი რანგის დეპუტატთა შორის ზოგმა თქვა, რომ „გალაკტიონის სახით მონათესავე სულის პოეტი იპოვა“, სხვამ – „ჩვენ ერთდროულად ორი პოეტი ვიპოვეთ – გალაკტიონი და მთარგმნელი“. საერთო შეფასებით კი – „ლექციამ გალაკტიონი წარმოაჩინა მსოფლიოს უდიდეს პოეტად“.
დიდი ბრიტანეთის პირველმა ელჩმა საქართველოში სტივენ ნეშიმ ასე შეაფასა ინესა მერაბიშვილის მოღვაწეობა: „ინესა მერაბიშვილის, როგორც საქართველოს კულტურის ელჩის სამსახური, ნამდვილი ლოცვა-კურთხევაა მსოფლიოს პოეზიის თაყვანისმცემლებისთვის. ინესა მერაბიშვილი არის ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების დიდი მოამაგე, რომელიც მეგობრებსა და დამფასებლებს უმრავლებს საქართველოს. ამ მხრივ მის ღვაწლს მხოლოდ მარჯორი უორდროპის მიერ გაწეულ სამსახურს შევადარებდი“.
2018წელს ინესა მერაბიშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები