ნუკრი ქანთარია: ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემ საჭიროებას ახალ პარლამენტში, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას

“შევხედოთ მოვლენებს. თუ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავ აუცილებლობასა და საჭიროებას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია სახელისუფლო გუნდში მიმდინარე განახლების პროცესს.
ქანთარია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არის და რჩება ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრედ.
“მინდა, ჩემი პოზიცია სახელისუფლო გუნდში მიმდინარე განახლების პროცესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოებისა და მედიის მხრიდან სხვადასხვაგვარად არ იქნეს აღქმული და ინტერპრეტირებული. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი გუნდი, მით უფრო სახელისუფლო, მუდმივად საჭიროებს განახლებას. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისთვის. იმედი მაქვს, განახლების პროცესი, რომელიც მმართველ გუნდში უკვე დაწყებულია და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯებიც გადაიდგა, წარმატებით დასრულდება. ამ ეტაპისთვის მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას, ვერ ვხედავ იქედან გამომდინარე, რომ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ ახალი ხალხია საჭირო. ვიმეორებ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემ საჭიროებას ახალ პარლამენტში, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას ან პასიურ პოზიციაში გადასვლას. პირიქით, ვფიქრობ, სწორედ მრავალწლიანი გამოცდილებითა და დაგროვილი ცოდნით აქტიურად ჩავერთო პარტიის განახლების და, ზოგადად, მმართველი გუნდის გაძლიერების პროცესში. ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე და მასთან ერთად ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას. შევხედოთ მოვლენებს, თუ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავ აუცილებლობასა და საჭიროებას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის. მაგრამ თუ გამწვავდა სიტუაცია და გუნდმაც და მეც დავინახეთ, რომ საჭიროა საპარლამენტო პროცესში ჩემი კვლავ მონაწილეობა. დავდგები იქ, სადაც გუნდისა და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს”, – ნათქვამია ნუკრი ქანთარიას განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები