ავთო ცინცაძე: ვისაც ოპოზიცია კრიმინალურ ავტორიტეტებად მოიხსენიებს, ჩვენ კი არ გვეხმარებიან, მათ წინააღმდეგ არიან

„ვისაც ოპოზიცია კრიმინალურ ავტორიტეტებს ეძახის და კრიმინალურ ავტორიტეტებად მოიხსენიებს, ისინი ჩვენ კი არ გვეხმარებიან, არამედ მათ წინააღმდეგ არიან“, – ამის შესახებ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა – ავთანდილ ცინცაძემ „კვირასთან“ საუბარში იმ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში ადანაშაულებს.
მისი თქმით, სახელისუფლებო კანდიდატს მხარდაჭერას ავტორიტეტული ფიგურები მართლაც უცხადებენ, მაგრამ ისინი არა კრიმინალური ავტორიტეტის, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები და ა.შ. არიან.
„ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ, თურმე, ჩვენ ავტორიტეტები გვეხმარებიან, რას გულისხმობენ ისინი ავტორიტეტებში?! თუ ასეა, ჩვენ მართლა გვეხმარებიან ავტორიტეტები, რომლებიც არიან სხვადასხვა სფეროსა და მიმართულების წარმატებული ადამიანები, წარმატებული სპორტსმენები, წარმატებული მოღვაწეები და ა.შ… ოპოზიციას, მაინცდამაინც, ყურადღება გამახვილებული აქვთ კრიმინალურ ავტორიტეტებზე, კრიმინალები ჩვენ კი არ გვეხმარებიან, მათ წინააღმდეგ არიან – მათი განვლილი პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვეხმარებიან, ისინი არიან მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
ავთანდილ ცინცაძე გუშინდელ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში, მე-17 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა. მისი თქმით, შუალედური არჩევნების მეორე ტურმა დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა.
“ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა წინასწარ იცოდნენ, რა შედეგითაც დასრულდებოდა ეს არჩევნები. მათი დღის წესრიგი იყო ის, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ჩვენი მხარდამჭერები პროვოკაციაზე წამოეგოთ, რაც, მინდა გითხრათ, რომ ვერ შეძლეს და არ გამოუვიდათ. ამაზე შედეგიც მეტყველებს – გუშინ დაითვალა ხმები, ქართველი ხალხი განსხვავებას ხედავს ჩვენსა და ჩვენს ოპონენტებს შორის, ამათ გუშინ თავისი ჯანსაღი აზრი დააფიქსირეს“, – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა – შალვა შავგულიძემ 38.17%.
ცნობისთვის, გუშინ ოქროყანის 31-ე საარჩევნო უბანზე, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია და ლევან თოფურიძე, იგივე “კალაბოკა” დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ლევან თოფურიძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირსა და ამომრჩეველზე სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები