პოლიციამ დიღმის მასივში 2 პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული უ.გ. ცხელ კვალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერკში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 9-დან 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა 1998 წელს დაბადებულ ე.გ.-სა და 2001 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ”, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.