შალვა შავგულიძე: ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვერ შევძელით მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი, რომ ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და შენი პოზიციის დაფიქსირება“, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.
შავგულძე მიიჩნევს, რომ ეს იყო ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები. „ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული საოცარი ინტენსივობის ცილისწამების, შავი პიარის კამპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაიწყო ჩემ წინააღმდეგ „იმედის” ეთერით. სახელისუფლო პოზიციიდან დაპირებისა და და დაშინების გამოყენებით, ყოვლად უღირსი ზემოქმედება ხდებოდა ისეთ ამომრჩეველზე, როგორებიც არიან პატიმართა ოჯახები და სოციალურად დაუცველები. ხელისუფების მხრიდან მოხდა კრიმინალური მენტალიტეტის მასობრივი გამოყენება, ამომრჩევლის გარკვეულ წრეზე ზეწოლის მოსახდენად და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ. მისივე თქმით, პარტნიორულ ურთიერთობას „ევროპული საქართველო” და „თავისუფალი დეოკრატები” მომავალშიც გააგრძელებენ. „მართალია, „ევროპული საქართველოს” და „თავისუფალი დემოკრატების” ძალისხმევა და მხარდაჭერა დღეს არ გახდა წარმატების მისაღწევად საკმარისი, მაგრამ ჩვენ ამ სურათს აუცილებლად შევცვლით და წარმატებას მივაღწევთ ხვალ”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, უბნიდან მიღებული ცნობების მიხედვით, დათვლილია ხმათა 75%, რის თანახმადაც ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, ხოლო – შალვა შავგულიძემ 37,5 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები