გია ვოლსკი გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებაზე: ეს იყო უხეში თავდასხმა ოპონენტ მხარეზე

“ეს იყო ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ არა მხოლოდ აშკარა მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, არამედ უხეში თავდასხმა ოპონენტ მხარეზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„მე რასაც ყურადღება მივაქციე, ეს იყო მკვახე განცხადება, რომელიც გააკეთა ყოფილმა პრეზიდენტმა. ეს იყო ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ არა მხოლოდ აშკარა მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, არამედ უხეში თავდასხმა ოპონენტ მხარეზე. ვფიქრობ, ეს არ შეესაბამება არც ამ პიროვნების სტატუსს და გარკვეულწილად, ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ არ გაკეთდეს ასეთი განცხადებები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღევანდელ არჩევნებზე მან ხმა მისცა ადამიანს, რომელიც “სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს”.
“მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეულები და დაფასებულები, მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას და თავის აზრს დააფიქსირებენ, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ. იმედია, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, თანამებრძოლის და გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იყო,”- განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები