სემეკ-მა, „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში, კომუნალური მომსახურების 10 კომპანია შეამოწმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით კომუნალური მომსახურების 10 კომპანია შემოწმდა. შემოწმების ეტაპზე დაკვირვება განხორციელდა შემდეგ მომსახურებებზე: გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრის, ტექსტური შეტყობინების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის.
შემოწმების ანგარიშით, რომელიც მიმდინარეობდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, გამოვლინდა როგორც საერთო ხასიათის, ისე ინდივიდუალური, კონკრეტული კომპანიისთვის დამახასიათებელი დარღვევები. კვლევის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთთვიანი ვადა განესაზღვრათ.
„მისტიური მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში დაკვირვება განხორციელდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყალისა“ და შპს „ბათუმის წყალის“ მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურებების პროცესზე, ასევე, სემეკ-ის მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.
კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა შემდეგი საერთო ხასიათის დარღვევები: კომპანიების მიერ უარი მომხმარებლის განაცხადის მიღებაზე; განაცხადების რეაგირების გარეშე დატოვება; ელექტრონული ფორმით მიწოდებული ქვითრის შინაარსის დარღვევა. ამასთანავე, კომპანიებს არ გააჩნდათ ელექტრონული ქვითრის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნის მომსახურება. დარღვევები დაფიქსირდა მომარაგების შეწყვეტა/აღდგენის მომსახურებასთან დაკავშირებითაც. მომსახურების ცენტრებში არ იყო განთავსებული/ხელმისაწვდომი სემეკის ნორმატიული აქტებით და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ღია (საჯარო) ინფორმაცია“,- აცხადებენ სემეკში.
რაც შეეხება ინდივიდური ხასიათის დარღვევებს – ცალკეულ კომპანიებში დაფიქსირდა მიერთების საფასურის წინასწარ მოთხოვნის, მომსახურების ვადის არასწორად განსაზღვრის, მომარაგების არასწორად შეწყვეტა/აღდგენის ფაქტები, რაც სემეკ-ის რეგულაციების დარღვევაა.
„განხორციელებული კვლევის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა წინა კვლევების დროს გამოვლენილი დარღვევების გადამოწმება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე  დადგინდა, რომ დარღვევები არ განმეორებულა. ასევე, წინა კვლევებზე გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად გატარებულია ეფექტური ღონისძიებები არა მარტო იმ კომპანიების მიერ, რომლებიც წინა კვლევით უშუალოდ შემოწმდნენ, არამედ იმ კომპანიების მიერაც, რომლებსაც კვლევის შედეგები და კომისიის რეკომენდაციები გასათვალისწინებლად გაეგზავნათ“, – ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სატენდერო პირობების საფუძველზე, სემეკ-ის დაკვეთით კვლევა შპს „4 სერვის ჯი სეილსმა“ ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები