„ახალგაზრდა ადვოკატები“: TBC ბანკი, პირველ რიგში, ნდობის ინსტიტუტია და იქ სადაც სცემენ, ნდობაზე საუბარი ზედმეტია

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და მასთან ერთად, ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, ა(ა)იპ „ახალგაზრდული ცენტრი – ჩვენი თაობა 1921“, ა(ა)იპ „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“, ა(ა)იპ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“, ა(ა)იპ „ახალი ინიციატივა“, ერთობლივი განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს მიმართავს და „თი-ბი-სი ბანკის“ თანამშრომლის მიერ მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ.
ორგანიზაციები TBC ბანკს მოუწოდებენ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, არათუ გაემიჯნოს ფაქტს, არამედ საზოგადოებას მოუხადოს გულწრფელი ბოდიში, ვინაიდან როგორც ორგანიზაციები მიიჩნევენ, ბანკი პირველ რიგში, ნდობის ინსტიტუტია და იქ სადაც სცემენ, ნდობაზე საუბარი ზედმეტია.
„ჩვენ ვეხმაურებით „თი-ბი-სი ბანკის“ თანამშრომლის მიერ მოქალაქის მძიმედ ცემის ფაქტს და მას განვიხილავთ, როგორც ქართული საბანკო სექტორის ერთ-ერთ წამყვან სუბიექტში, „თი-ბი-სი ბანკში“ მომხდარ საზოგადოებისადმი დამოკიდებულების საგანგაშო სიგნალს. 2019 წლის 3 ივნისს მომხდარი ფაქტის განზოგადებას, სამწუხაროდ ძალიან საშიშ სიმპტომებთან მივყავართ. ქვეყნის წამყვან საბანკო ინსტიტუტში, კლიენტის მომსახურებისას მოხდა ფიზიკური ძალადობა. ფაქტი დაუშვებელი, აღმაშფოთებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ეს პრეცენდენტი საზოგადოებამ რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს.
ისტორია, რომელსაც სხვადასხვა წყარო გადმოსცემს, ასეთია: ბანკის ფილიალის წარმომადგენელმა მოქალაქე ზვიად გოგიაშვილი ბანკის სერვისცენტრის სივრციდან გაიყვანა და სასტიკად გაუსწორდა. ინცინდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგიაშვილმა ბანკის სხვა თანამშრომელს აცნობა, რომ შემოსასვლელში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატი გაუმართავი იყო. ამ შენიშვნის გამო გოგიაშვილმა ბანკის თანამშრომლისგან, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს, სახეში „მუშტების წვიმა“ მიიღო და განხორციელებული თავდასხმის შედეგად სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და სისხლდენით მოთავსდა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში და გაუკეთდა შესაბამისი ოპერაცია.
კატეგორიულად მოვითხოვთ, „თი-ბი-სი ბანკის“ უმაღლესმა მენეჯმენტმა დააფიქსიროს პოზიცია და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას აღნიშნული ფაქტის გამო. ბანკის ხელმძღვანელობამ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „თი-ბი-სი ბანკმა“ მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოდიში იყოს გულწრფელი. ამ ფაქტზე ბანკის დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობის ტოლფასია, რაც შეიძლება ჩაითვალოს მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართულ აქტად. დანაშაულში თანამონაწილეობას უთანაბრდება ბანკის ხელმძღვანელებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების უუნარობაც, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და მართონ რეპუტაციული კრიზისი. მოცემულ შემთხვევაში, არც დისციპლინური წარმოება, უფლებამოსილების შეჩერება თუ სამსახურიდან გათავისუფლება, არ იქნება მომხდარზე ადეკვატური პასუხი. ბანკს აქვს განსაკუთრებული კორპორატიული პასუხისმგებლობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა, მომხმარებლებთან და კლიენტებთან ნდობის აღდგენა უნდა დაიწყოს ბოდიშის მოხდით.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლოჯარიას, რათა დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში, გამოიკვლიოს და შეაფასოს აღნიშნული ფაქტი. ფაქტია, საფინანსო ინსტიტუტმა შელახა მოქალაქის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებები და ომბუდსმენის ოფისის უყურადღებობა ფაქტის მიმართ, შესაძლებელია, ახალისებდეს მომავალში მსგავს შემთხვევებს. საქართველოს სახალხო დამცველს მსგავსი ტიპის საქმეზე არც ერთხელ შესაბამისი განცხადება არ გაუკეთებია.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას – დაავალოს შესაბამის საგამოძიებო სამმართველოს ფაქტზე რეაგირება. სასწრაფოდ გაკეთდეს განცხადება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მინისტრმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენით, ყურადღების არ მიქცევის შემთხვევაში, საზოგადოებრივად საშიში პრეცენდენტის გამოძიების მიმდინარეობა. მარტივია – ბანკები ეკონომიკის ხერხემალია. შესაბამისად, მოქალაქეებს „ხერხემალში“ არ უნდა სცემდნენ!
ჩვენ მივმართავთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს – გამოხატოს პოზიცია და ყველა ღონე იხმაროს, რომ „თი-ბი-სი ბანკის“ თანამშრომლებმა მოქალაქეთა ცემა, უბრალოდ, შეწყვიტონ. ვფიქრობთ, კობა გვენეტაძეს კარგად ესმის ის საფრთხე, რასაც საკუთარ თავში შეიცავს ყველაზე დიდ ბანკში მომხდარი ცემის ფაქტი. ბანკი, პირველ რიგში, ნდობის ინსტიტუტია და იქ სადაც სცემენ, ნდობაზე საუბარი ზედმეტია. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის დუმილი საკითხზე ან უსუსურობის გამოხატულებაა ან მოვლენის არაადეკვატურად აღქმის შედეგი.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეებმა. პარლამენტი არის საზედამხედველო ფუნქციის მატარებელი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის პროცესში, მნიშვნელოვანია კომიტეტებმა გამოხატონ ნება შესაბამის უწყებებიდან გამოძიების და სამართალწარმოების პროცესის თაობაზე.
ბოლოს, ჩვენ აღვნიშნავთ, რომ თვალშისაცემი აღმოჩნდა ის გარემოებაც, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარდა, ფაქტი სხვა მედიასაშუალებებმა პრაქტიკულად სათანადო ყურადღების მიღმა დატოვეს. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ აქ „თი-ბი-სი ბანკმა“ მედიაში არსებული საკუთარი გავლენები არამართებულად გამოიყენა. დარწმუნებული ვართ, რომ მედიას ყველაზე უკეთ ესმის, რომ ქვეყნის ნომერ პირველ ბანკში მოქალაქეს ფიზიკურად არ უნდა სცემდნენ. მედიას, ვფიქრობთ, ისიც კარგად ესმის, რომ მსგავსი ფაქტის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში დაფიქსირების შემთხვევაში, როგორ აისახებოდა ეს საფონდო ბაზრებზე ამ ბანკის აქციებზე. მართალია, საქართველოში საფონდო ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ არსებობს „თი-ბი-სი ბანკი“, რომელსაც აქვს გარკვეული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მსგავს ფაქტებზე ხელის დაფარებით არ იქმნება… მედიას, თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, სამართლიანად გააჩნია ასეთი პრეცედენტური საქმეების დამოუკიდებელი ანალიზის, ჟურნალისტური გამოძიებისა და საზოგადოების პირუთვნელად ინფორმირების ვალდებულება. „თი-ბი-სი ბანკს“ უნდა ესმოდეს, რომ ეს უფლება არ იყიდება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, იქნება პირველი ორგანიზაცია, რომელიც დაზარალებულ ზვიად გოგიაშვილს შესთავაზებს იურიდიულ მომსახურებას. Probono-ს პრინციპის სრული დაცვით, ზვიად გოგიაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ორგანიზაცია დაიცავს მის ინტერესებს საერთო სასამართლოებსა და ყველა კომპეტენტურ ორგანოში. ვფიქრობთ, პირველ რიგში, სწორედ დაზარალებულის ინტერესია, რომ მომხდარი ერთი მხრივ სათანადოდ შეფასდეს, ხოლო მეორე მხრივ, საკუთრივ მის მიმართ დამდგარი მორალური და მატერიალური ზიანი სრულად ანაზღაურდეს. ეს საზოგადოებრივად ძალიან საჭირო პრეცენდენტად მიგვაჩნია“,- ნათქვამია „ახალგზარდა ადვოკატებისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები