ადვოკატი: არასერიოზული ქსელის დახლართვის მეშვეობით სახელმწიფო გვეუბნება, რომ ქონებას არ დაგვიბრუნებს
ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ბიზნესმენ ვლადიმერ აბსანძეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2004 წელს უკანონოდ წართმეული ქონება დაუბრუნა, თუმცა, რეალურად ბიზნესმენი ქონების დაბრუნებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ადვოკატმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„დღევანდელი ჩემი განცხადება ეძღვნება ხელისუფლების მორიგ აფიორას, რომელის მსხვერპლიც საქართველოს ბიზნესმენები არიან. ეს მექანიზმი აქამდე უცნობი იყო უამრავი ადამიანისთვის.
კერძოდ, ყველასთვის ცნობილია, რომ მთავარი პროკურატურა თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ახდენს გარკვეულ რეაგირებას და მოქალაქეების მცირე ნაწილს უბრუნდება ქონების გარკვეული ნაწილი. ჩვენც გახლავართ ერთ-ერთი მათგანი. საქმე ეხება ბატონი ვლადიმერ აბსანძის კუთვნილ ქონებას, რომელიც მდებარეობს ქალაქ ზუგდიდში. ეს გახლავთ სასტუმრო „ოდიშის“ ერთი ნაწილი. 2004 წელს როლანდ ახალაიამ დაიბარა ლადო აბსანძის და, თამილა აბსანძე, რომელზეც რეგისტრირებული იყო ქონება, უთხრა, რომ დაიჭერდა ყველას, თუ ამ ქონებას სახელმწიფოს არ გადასცემდა.
ამაზე საქართველოს მთავარი პროკურატურა 2013 წლიდან აწარმოებდა სისხლის სამართლის წარმოებას და, როგორც იქნა, 5 წლის გასვლის შემდეგ, ანუ 2018 წლის 20 ნოემბერს, მათ მიიჩნიეს, რომ თურმე ჩვენ მართლაც ვყოფილვართ დაზარალებულები და ქალბატონი თამილა აბსანძე ცნობილი იქნა დაზარალებულად. დაზარალებულად ცნობისთანავე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების მოთხოვნით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიფიქრეთ, რომ ამით საქმე დასრულდა, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა ბიზნესმენს, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მთელი გაურკვევლობები, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს. ეს არის ჩამოყალიბებული სქემა, რომლის მეშვეობითაც არ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს არცერთ მოქალაქეს წართმეული ქონება“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ქონება აღარ იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რადგან მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, აბსანძის კუთვნილი ქონება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
„აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქონება საერთოდ აღარ იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ვინაიდან აღმოჩნდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 29 ოქტომბრის განკარგულება. ამ განკარგულებით, ვლადიმერ აბსანძის კუთვნილი ქონება გადაეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. პრობლემა რა გახლავთ – საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება 2013 წლიდან. როგორც მინიმუმ, ქონება ხომ სადავო იყო. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს ქონება უკანონოდ იყო ჩამორთმეული. ამ პირობებში ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომელითაც ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან გადაეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს. თანაც ჩაიწერა, რომ ეს ქონება იყო ძირითადი განუსხვისებელი. ეს გახლავთ სპეციალური სტატუსი, რომლის გამოც ზუგდიდის საკრებულომ განაცხადა, რომ ამ ქონებას ვერ დაუბრუნებდა უკან ეკონომიკის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება, რომ ზუგდიდი მე არ მიბრუნებას ქონებას, შესაბამისად, ქონებას ვერ დაგიბრუნებთო. ზუგდიდის საკრებულო ამბობს, მე ქონებას ვერ დავუბრუნებ, ვინაიდან არსებობს ასეთი განკარგულება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ არასერიოზული ქსელის დახლართვის მეშვეობით სახელმწიფო გვეუბნება, რომ ამ ქონებას არ დაგვიბრუნებას. როცა მივხვდით, რომ ეკონომიკის სამინისტროსა და ზუგდიდის საკრებულოს შორის რაღაც მიზანმიმართული გადათამაშება ხდებოდა, 1-ელ თებერვალს მივმართე პრემიერ ბახტაძეს, ვთხოვე, რომ ასეთი გაუგონარი რამ ხდება, იქნებ, თქვენ დაარეგულიროთ საკითხი, ან გააუქმოთ ყოფილი პრემიერის განკარგულება, ან დაავალოთ აღნიშნულ უწყებებს ჩვენთვის ქონების დაბრუნება. 1-ელი თებერვლის შემდეგ პასუხიც არ მომსვლია პრემიერისგან.
ჩვენ მადლობები გვახდევინეს ტელევიზიით, რომ პროკურატურამ, თურმე, ქონება დაგვიბრუნა, ხალხს გააგებინეს, რომ სამართალი აღდგა და აღმოჩნდა, რომ, თურმე, არაფერი ხდება. როგორც ჩემს კოლეგებთან საუბარში გამოვარკვიე, ეს არ არის კონკრეტული შემთხვევა. ეს არის მასობრივად.
ახლა იძულებული ვხდებით, ისევ საქართველოს პროკურატურას მივმართოთ განცხადებით, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით და პასუხისგებაში მისცეს ის პირები, ვინც დაბრუნებულ ქონებას არ უბრუნებს მის მესაკუთრეს. ასევე, ოჯახი იძულებული ხდება, დაიწყოს საპროტესტო აქციები იმ უწყებებთან, რომლებიც ბლოკავენ მათთვის საკუთარი ქონების დაბრუნებას“, – განაცხადა ადვოკატმა.