დავით ჯალაღანია აფხაზეთში ეთნიკური წმენდის საბოლოოს ფაზას არ გამორიცხავს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გადადგება, ახალი დაინიშნება თუ არა, ამას სამართლებრივი კუთხით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც ჯალაღანია აცხადებს, ნებისმიერი ე.წ. პოლიტიკური აქცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება არის არალეგიტიმიური და უკანონო, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებით.
“ის რაც ხდება არის იმ უკანონობის მორიგი გამოვლინება, რომელიც ახასიათებს ოკუპაციაში მყოფ ტერიტორიებს. ეს არის პირდაპირი შედეგი საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც რამდენიმე ხანია დიდ ტკივილად და პოლიტიკურ პრობლემად არის ჩვენს ქვეყანაში. არსებული ე.წ. ხელმძღვანელობა გადადგება, ახალი არჩევნები დაინიშნება თუ არა ამას სამართლებრივი კუთხით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
ჯალაღანია ეთნიკურ წმნდას არ გამორიცხავს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საფრთხეებთან დაკავშირებით უწყებას აქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან.
“არ არის გამორიცხული, რომ ეთნიკური წმენდის მორიგ, შეიძლება ითქვას, საბოლოო ფაზასაც მოვესწროთ, ღმერთმა არ ქნას. მე არ მინდა ისე წარმოჩნდეს, რომ მთავრობამ დაიწყოს უკვე იმაზე ფიქრი, რომ ტერიტორიები გამოყოს და ბიუჯეტში სახსრები გაითვალისწინოს ამ ადამიანების განსასახლებლად, ჯერჯერობით ამის რაიმე ნიშანი გარდა დეკლარირებული ინფორმაციისა არ არის, თუმცა ეს ზრუნვის საგანია”, – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები