საქართველოს შვეიცარიის პრეზიდენტი ეწვევა
შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. შვეიცარიელ კოლეგას გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
3 ივნისს საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივი დოკუმენტებს გააფორმებენ. შვეიცარიის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ზურაბ აბაშიძესთანაც გამართავს შეხვედრას და მრგვალი მაგიდა სამოქალაქო საზოგადოების და ეუთო-ს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებსაც შეხვდება. დიდიე ბურკჰალტერი საქართველოდან 3 ივნისს გაემგზავრება.