დავით სონღულაშვილი: მცირე და ეფექტური მთავრობის იდეა მუნიციპალიტეტებისთვისაც მისაბაძი გამოდგა

„2012 წლამდე საჯარო მოხელეების ხელფასებსა და საჯარო ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის გაწეულ ადმინისტრაციულ დანახარჯებზე მოდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტის 16%, 2018 წლის მონაცემებით კი ამ რიცხვმა მხოლოდ 11 % შეადგინა”,- ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გააკეთა.
სონრულაშვილის განცხადებით, თუ შევადარებთ მუნიციპალურ დონეზე საჯარო მოხელეებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე არაკომერციული იურიდიული პირების რაოდენობას 2012 წლამდე არსებულ მაჩვენებელს, მისივე თქმით, რა თქმა უნდა, რაოდენობა გაზრდილია და ეს ზრდა საგრძნობია. თუმცა, ამ შედარების დროს, ამ ყველაფრის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბარი უნდა მოხდეს.
„2012 წლის შემდეგ, როცა საბავშვო ბაღების მომსახურება უფასო გახდა, საბავშვო ბაღებში იმავე წელს ჩარიცხული ბავშვების რიცხვი 20%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს ბაღების მოვლაზე გაზრდილ ხარჯებს და რაც მთავარია, ბაგა-ბაღებში დასაქმებულების რაოდენობის ზრდას. გარდა ამისა, გურჯაანში გაიზარდა მყარი ნარჩენების შეგროვებისა და სრულფასოვნად მართვის არეალი, რამაც ასევე გაზარდა ამ პროცესში ჩართული ადამიანების რიცხვი და დანახარჯიც. მყარი ნარჩენების გატანა ახლა უკვე არა მხოლოდ ქალაქსა და დიდ სოფლებში, არამედ ყველა დასახლებულ პუნქტში ხდება. გაიზარდა ასევე სასწრაფო სამედიცინო მომსახურების დატვირთვა და დაფარვის არეალი. ამ მიმართულებით მეტი რესურსი იხარჯება მუნიციპალიტეტში. მოიმატა იმ პერსონალის რიცხვმაც, ვინც არიან სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სერვისის მიმწოდებლები. გაიზარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე სხვა სააგენტოების თუ აიპების მუშაობის არეალიც. ესეც აისახება თანამშრომლების რაოდენობის ზრდაზე”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისი თქმით, მიზეზების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, თუმცა სამუშაოების მოცულობისა და თანამშრომლების ზრდა გურჯაანში მაინც არ აისახა საჯარო მოხელეების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე, იმიტომ რომ შემცირდა ე.წ. კონტრაქტორების რაოდენობა და მერია ცდილობს, ოპტიმიზაცია მოახდინოს ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, რადგან მცირე და ეფექტური მთავრობის იდეა მუნიციპალიტეტებისთვისაც მისაბაძი გამოდგა.
„სამწუხაროდ, დღეს საჯარო სამსახური ისეთი პრესტიჟული აღარ არის და დიდი კადრების გადინების მაჩვენებელია მუნიციპალურ დონეზე. ეს არა მარტო გურჯაანის პრობლემაა. მაგრამ ფაქტია, რომ საჯარო სფერო კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს და ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა სწორედ კვალიფიციური და გამოცდილი კადრების შენარჩუნებაა როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ამ პრობლემის დაძლევაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რადგან იმ კანონებს, რასაც ჩვენ ვიღებთ, შესაბამისი, მაღალი დონის აღსრულება სჭირდება ყველა დონეზე. ამ საკითხებზე მსჯელობაში მე მზად ვარ, მაქსიმალურად ჩავერთო, ნებისმიერ ფორმატში და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას ამ კუთხითაც შევხედოთ”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები