ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია საქსტატის მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ-ს ზრდამ 5.1 % შეადგინა.
როგორც “კვირასთან” საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი პოზიტიურია, თუმცა მოსახლეობის ჩართულობა მინიმალურია.
მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ საზოგადოებამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სათანადოდ იგრძნოს, საჭიროა ინკლუზიურობა.
“საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს პოზიტიურად შევაფასებდი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ გზით ეკონომიკის ზრდას – რამდენით იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს – რომელიც ჩვენ გვაქვს, მოსახლეობის უმეტესობისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ მათი ჩართულობა ამაში მინიმალურია. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური ზრდა როდესაც პლუს ნიშნითაა და, მით უმეტეს, 5 %-ს აღემატება, წარმატებულია. თუმცა იმისათვის, რომ მოსახლეობამ ეს ზრდა იგრძნოს, საჭიროა ინკლიზიურობა, რაც გულისხმობს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართვას ეკონომიკურ პროცესებში.
ამისათვის კი უნდა გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც ჩინეთსა და ევროკავშირთან გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია უცხოური მწარმოებლების მოზიდვისთვის, რომლებიც გაზრდიან ექსპორტს და ამით ქვეყანა მიიღებს უცხოურ ვალუტას და ჩაანაცვლებს იმპორტს, რითიც შემცირდება ჩვენი დოლარის მასის გადინება საზღვარგარეთ. ამასთან ერთად, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც, რაც აამაღლებს ცხოვრების დონეს.
ამიტომ სჯობს, ეკონომიკურ ზრდაში მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად იყოს ჩართული”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
შეგახსენებთ, რომ, საქსტატის მონაცემებით, “წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა.