სტუ-ში სემინარი თემაზე – „ინტერნეტის მარშრუტიზაციისა და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Internet Society–Georgia-ს ორგანიზებით, სემინარი IETF Day in Tbilisi, თემაზე: „ინტერნეტის მარშრუტიზაციისა და უსაფრთხოების მომავალი პროტოკოლები“ ჩატარდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ საკითხებს, რომლებიც ეხებოდა პროტოკოლების განვითარების ტენდენციებს, მათ შემუშავებას, დანერგვის მიზნებსა და ძლიერ თუ სუსტ მხარეებს,
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სემინარს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები, სატელეკომუნიკაციო ქსელების არქიტექტორი მიხეილ ქართველიშვილი და IT უსაფრთხოების სისტემების არქიტექტორი, კომპანია UGT-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ვატო ჩანტლაძე უძღვებოდნენ.
ორივე მომხსენებელი Internet Society-Georgia-ს წევრია. მათ IP/MPLS ქსელების დიზაინისა და ოპერირების, ასევე ენტერპრაიზის IT სისტემების უსაფრთხოების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
მიხეილ ქართველიშვილმა მარშრუტიზაციის პროტოკოლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა და პროტოკოლებში შესატანი ის ცვლილებები მიმოიხილა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ოპერირების ოპტიმიზაციას ინტრა- და ინტერ-დომენური მარშრუტიზაციისთვის.
მან სტუდენტებს ასევე მარშრუტიზაციის სრულიად ახალი unicast და multicast პროტოკოლები გააცნო, რომელთა დანერგვა საქართველოში უახლოეს რამდენიმე წელიწადშია მოსალოდნელი.
ვატო ჩანტლაძემ კი თანამედროვე უსაფრთხოების პროტოკოლების ის ნიმუშები წარმოადგინა, რომლებიც დამუშავების პროცესშია. ასევე, განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება ქსელური ტექნოლოგიების სხვადასხვა არქიტექტურულ დონეზე, DDoS შეტევების კლასიფიკაციის ექსპერიმენტული პროტოკოლი და World Wide Web-ის მორიგი ვერსიის ახალი სტანდარტი.
სემინარი გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია The Internet Society-ს საქართველოს წარმომადგენლობა Internet Society–Georgia-ს ორგანიზატორობით გაიმართა.
აღნიშნული გლობალური ორგანიზაციის მიზანი მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი და სანდო ინტერნეტის გავრცელებაა.
ის IETF-ის (Internet Engineering Task Force) საქმიანობას კურირებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციაა და თავის მხრივ, ინტერნეტის სტანდარტების შეიმუშავება-გავრცელებასა და RFC-ს ფორმით გამოქვეყნებას უზრუნველყოფს.
