სეს: მუხურაში ფუტკრის დაცემა ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებულ წამლობას არ გამოუწვევია

აბაშის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ფუტკრის დაცემის ერთი შემთხვევა განიხილეს, რომელსაც სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა, აღინიშნა, რომ ფუტკრის დაცემა ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებულ წამლობას არ გამოუწვევია, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე, საფუტკრეებთან ახლოს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ჩატარებულა და მონიტორინგის მიზნით, მხოლოდ ფერომონია განთავსებული, რაც ფუტკარს ვერ დააზიანებდა.
სპეციალისტები თითოეულ ასეთ შემთხვევას დეტალურად შეისწავლიან, რათა არ მოხდეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფერხება.
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება და მისი წერტილოვანი დამუშავება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
პარალელურად, ყველა რეგიონში იმართება შეხვედრები მეფუტკრე-ფერმერებთან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად არის მობილიზებული ყველა რესურსი, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ განხორციელდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრეებთან, კოორდინირებულად იგეგმება შეწამვლითი სამუშაოების ვადები და ფუტკრის დაცვითი ღონისძიებები. სპეციალისტები და მონიტორინგის ჯგუფები სისტემატურად ატარებენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე გაფართოებულ საკონსულტაციო შეხვედრებს მეფუტკრეებთან.
ღონისძიებების მიმდინარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწა შეტყობინებების სისტემა, წამლობის შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე იგზავნება.
სპეციალური სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტებში აღრიცხავენ მეფუტკრე ფერმერებს და დაზუსტებულ ინფორმაციას აწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს.
სპეციალისტები მეფუტკრეებს ურჩევენ სწორად შერჩეული სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას, პრეპარატის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისად მოქმედებას და საფუტკრეების დროულ იზოლირებას.
ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია სკაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება და პროფილაქტიკური ღონისძიებების დროული ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები