ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში გაემგზავრა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანია ბერძენ კოლეგასთან დიმიტრიოს ავრამოპულოსთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან გამართავს შეხვედრას. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.
პირისპირ შეხვედრისას მინისტრები საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო განათლების, ლოგისტიკისა და სამხედრო ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ. ირაკლი ალასანია ბერძენ კოლეგას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. საუბარი შეეხება ასევე, ISAF-ის მისიასა და 2014 წლის შემდეგ „გადამწყვეტ მხარდამჭერ“ მისიაში ქართული კონტინგენტის ჩართვას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერება ხელი.
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ევანგელოს ვენიზელოს, პარლამენტის პრეზიდენტს ევანგელოს მეიმარაკისსა და პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინოს ციარასს შეხვდება. ირაკლი ალასანია უცნობი ჯარისკაცის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში 3 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები