პრეზიდენტის პრესსპიკერი დავით გარეჯის თემაზე: ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ კომისიას მუშაობის საშუალება

“დავით გარეჯის საკითხის ირგვლივ გააქტიურდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მათ შორის ის, რომ, თითქოს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთდა ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეახსენა.
“პირველი განცხადება აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტისას პრეზიდენტ ალიევთან ერთად გამართული პრესკონფერენციიდან: „გადავწყვიტეთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიას მითითება მივცეთ, რომ განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა – გამიჯვნის საზღვარი.
ნორმალურია, რომ, ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი დასრულდეს.
მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მიღებისთვის, მე მჯერა და ვისურვებდი, რომ ეს არის საწყისი ახალი და მჭიდრო ურთიერთობებისა და მეგობრობის.
ამ იმედით მინდა, დავასრულო ჩემი პირველი გამოსვლა“.
მეორე განცხადება, რომელიც „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტებთან ერთად, პრეზიდენტის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულებისას გააკეთა: „ამოვედი დავით გარეჯის ზედა ნაწილში “ევროპა ნოსტრას” ჯგუფთან ერთად და დავათვალიერეთ კლდის ნახატები და ფრესკები ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა.
სწორედ ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება.
აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს“.
მესამე განცხადება გაკეთებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: „საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა იქნება დაცული.
ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი.
აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა.
მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები“.
რაც შეეხება ცალკეულ მოსაზრებებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დელიმიტაციის საკითხის წამოწევის შემდეგ დაიძაბა ვითარება დავით გარეჯში, მოისწრაფიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა.
„პასუხისმგებლობის გააზრება იმათ მოვთხოვოთ, ვინც არასახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. კომისიამ რომ განაახლა მუშაობა, ამაზე არ ვსაუბრობთ? ეს ურთულესი საკითხი სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში გაყინული იყო. ყოველთვის იყო შესაძლებელი მისი წამოჭრა, მაგრამ, რატომღაც, სხვა დროს ეს არ მოხდა. ახლა განიხილება და ყველაზე მნიშვნელოვანია, მივცეთ კომისიას მუშაობის საშუალება. კომისიამ დაიწყო მუშაობა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, გაყინულია, ეს არის შედეგი. პატრიარქმა გააკეთა გუშინ განცხადება და, ალბათ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, მათ შორის სასულიერო პირების განცხადებებს შორის. ოპოზიციურ ლიდერებს შორისაც კეთდება განცხადებები, მათ შორის მიიჩნევენ, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესი ყველა სხვა დანარჩენ ინტერესთან მიმართებით ყოველთვის წინ უნდა იდგეს. უნდა ვიხელმძღვანელოთ აქედან გამომდინარე. მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზით იყო გამოწვეული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დადგენილი საზღვრები. მოლაპარაკებები აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ორ კეთილმეზობლურ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებობდეს დადგენილი საზღვრის გარეშე არ არსებობს არც ქვეყნის დამოუკიდებლობა, არც განვითარება, მათ შორის ეკონომიკური, არც უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ამის იმედი აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და მივიღოთ სასურველი შედეგი. მოდით, აქეთკენ ვიაროთ”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები