მაღაროელი თემურ შეყილაძე: მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა – ჭიათურა სიცოცხლეს აგრძელებს
ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თანადგომისთვის მადლობას უხდიან და 27 მაისს გამართული შეხვედრის შედეგებს აფასებენ.
როგორც საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, მაღაროელები ითხოვდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ.
„ჩვენ ვითხოვდით, რომ ყოფილიყო პატიოსანი კაცის დაფასება, ყოფილიყო სისუფთავე ჩვენს პატარა ქალაქში და ისეთი საავადმყოფო, სადაც ნორმალურად მიხვალ და გაესინჯები. მადლობა ჩვენს მინისტრებს ჩამობრძანებისა და გვერდში დგომისთვის, ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიციას, გვერდში გვედგნენ თავიდან ბოლომდე, მადლობა ისევ „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენთან დიალოგზე და წამოვიდნენ დათმობებზე, ცოტა ჩვენც წავედით დათმობებზე და მივაღწიეთ იმას, რომ ჭიათურა ისევ ცოცხლობს“, – აცხადებს თემურ შეყილაძე.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, ჭიათურაში ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ.
მინისტრებმა საწარმოს წარმომადგენლებსა და გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც შედგა ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხელფასების ეტაპობრივ მატებას, ასევე – შრომის გაუმჯობესებულ პირობებს.