ჭიათურის მაღაროს თანამშრომელი: ხელფასის მოთხოვნაც არათუ ნაწილობრივ, უფრო კარგად, საჩვენოდ დაკმაყოფილდა
ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროელებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს.
მაღაროელების განცხადებით, შეთანხმება, რომელიც გუშინ მინისტრების თანდასწრებით საწარმოს თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შედგა, ორივე მხარისთვის მისაღებია.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც პირი ჰქონდა ამოკერილი, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათი ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია.
„ხელფასის მოთხოვნაც არათუ ნაწილობრივ, უფრო კარგად, საჩვენოდ დაკმაყოფილდა. ჩვენთვის მისაღებია 25%-იანი ზრდა პირველი ივნისიდანვე და 10%_იანი ზრდა ერთი წლის განმავლობაში.
კმაყოფილები ვართ და რა თქმა უნდა, ყველანაირი პროტესტი მთავრდება“, – განაცხადა რომან კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, ჭიათურაში ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ.
მინისტრებმა საწარმოს წარმომადგენლებსა და გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც შედგა ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხელფასების ეტაპობრივ მატებას, ასევე – გაუმჯობესებულ შრომის პირობებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, ხელფასების ზრდა კონკრეტულად გაიწერება მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაში, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, გადაიარაღებას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პუნქტების გახსნას ადგილზე და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.
„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა კომპანიის მიმართ, რომ ყველა ეს პირობა შესრულდეს დაუყონებლივ, ამას დავაკვირდებით და ჩვენ ვართ გარანტორები, რომ შეთანხმება, მით უმეტეს, ამ ნაწილში, შესრულდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.