აკაკი ზოიძე: საპენსიო რეფორმა ნამდვილად არის მომავლის რეფორმა, რომელსაც სჭირდება რწმენა ქვეყნის მომავალისთვის
„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთვებიან საპენსიო რეფორმის განხილვაში და იმ რეფორმას ეცნობით, რომელიც თქვენ მომავალს აუცილებლად შეეხება“, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტში სტუდენტებს, სადაც დაგროვებით პენსიის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა.
როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, თითოეული სტუდენტი საპენსიო რეფორმის ბენეფიციარია და, შესაბამისად, დაგროვებითი პენსიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას უნდა ფლობდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები საპენსიო რეფორმის განხილვაში ერთვებით და იმ რეფორმას ეცნობით, რომელიც თქვენ მომავალს აუცილებლად შეეხება. თქვენ ხართ რეფორმის უშუალო ბენეფიციარები, შესაბამისად, ამომწურავი ინფორმაცია უნდა გქონდეთ როგორც იმ სარგებელზე, რაც ამ რეფორმამ შეიძლება, მოუტანოს ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს, ასევე – იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებაში საკმაოდ ფართო დისკუსია მიდის. საპენსიო რეფორმა ნამდვილად არის მომავლის რეფორმა, რომელსაც სჭირდება რწმენა ამ ქვეყნის მომავალში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მსჯელობა უსაგნო გახდება იმიტომ, რომ თუ არ გვჯერა, რომ სახელმწიფო განვითარდება და საქართველო იქნება ეკონომიკურად ძლიერი თქვენი თაობის დროს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რთული იქნება, სრული სურათი წარმოვიდგინოთ იმ სარგებლისა, რაც შეიძლება, რეფორმამ მოიტანოს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე პარლამენტში ასამდე სტუდენტს შეხვდა.
ლევან სურგულაძემ სტუდენტებს პრეზენტაცია წარუდგინა და მუშაობის 5 თვის შედეგები გააცნო.
ის ახალგაზრდებს რეფორმის მოკლე და გრძელვადიან სიკეთეებზე, დაგროვებით საპენსიო სქემაზე, საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაზე ესაუბრა.