ვენეციის 58-ე ბიენალე ყველაზე პატარა ქართველი მხატვრის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
28 მაისს, 11:30 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში მხატვარ თეკლა მელაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობილი მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეების წინაშე მხატვარს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია წარადგენს.
როგორც „კვირას“მხატვარმა აცნობა, პრესკონფერენციის თემაა – ვენეციის 58-ე ბიენალე და ყველაზე პატარა ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა, რომელიც ვენეციის ბიენალეს ოფიციალურ პავილიონში, 1-7 ივლისს გაიმართება.
„ვენეციის 58-ე ბიენალეზე წარსადგენად შერჩეული ნამუშევრები მიეკუთვნება ჩემ მიერ შექმნილ მიმდინარეობას „მონოტონიზმი“, რომლებიც შესრულებულია ოქროსფერი ზეთის საღებავით და აქვს ბარელიეფის დეტალები. რელიეფები შესრულებულია მხოლოდ საღებავით, რამაც განაპირობა ევროპელი ექსპერტების ინტერესი, რადგან ამ მეთოდით არავინ ქმნის ნამუშევრებს მსოფლიოში. ეს გახლავთ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამოწვევა, რადგან ვარ ყველაზე პატარა ქართველი, ვისი პერსონალური გამოფენაც იქნება ბიენალეზე.
ჩემი სურვილია მსოფლიოს გავაცნო ახალი სახელოვნებო მიმდინარეობა „მონოტონიზმი“, რაც მნიშვნელოვანია, ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი მხატვრისთვის, რომელიც ვარ ავტორი და როგორც ქართველი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს წარადგინოს საქართველო, როგორც ამ მიმდინარეობის დაბადების ადგილი, ასეც დავარქვი ჩემს გამოფენას ვენეციაში „საქართველო ოქროს საწმისის სამშობლო“, – აცხადებს თეკლა მელაძე.
თეკლა მელაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა ნიუ-იორკში, არტ ექსპო ნიუ-იორკი 2014-ის ფარგლებში, სულ მხატვარს რვა პერსონალური და თხუთმეტი ჯგუფური გამოფენა ჰქონდა, მათ შორის, ნიუ-იორკის შემდეგ, ყველაზე მაშტაბური იყო სამი პერსონალური გამოფენა: 2015 წელს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „მომა თბილისში“, 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და 2018 წლის დეკემბერში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.
მისამართი: თბილისი, ათონელისქუჩა 9/6