იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება და მისი თანმდევი კანონპროექტები: „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განიხილა.
როგორც ,,კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2015 წლიდან მიმდინარეობდა და დოკუმენტს ხელი 2019 წლის მარტში, ჰააგაში მოეწერა.
„შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს – ევროჯასტს შორის სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის, მძიმე დანაშაულთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით.
შეთანხმება ზოგადად, არეგულირებს ევროჯასტთან თანამშრომლობის ფარგლებს. ამ მიზნით, ბუნებრივია, ქმნის სათანადო მექანიზმებს. კერძოდ, საქართველო და ევროჯასტი ამ სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში მოქმედ წარმომადგენელთა ე.წ. მეკავშირეების მეშვეობით წარმართავენ დანაშაულთან ბრძოლოს ყველა პროცესს, მათ შორის, დანაშაულის გამოძიებისთვის აუცილებელი ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილ ფორმალობებს. თანამშრომლობა ძირითადად ამ პრინციპებს ეყრდნობა, დანარჩენი ყველაფერი დეტალურად გაწერილია ხელშეკრულებაში”,-განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
მისივე თქმით, შეთახმების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი გახდა შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლს ემატება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის, ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირისა და ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტის დეფინიციები.
კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში და მისი დამხმარე წარმოადგენენ პროკურორებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს გენერალური პროკურორი. ისინი შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში, თუმცა იმყოფებიან საქართველოს გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს.
,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დეფინიციები. კანონპროექტით განისაზღვრება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის ადგილი უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების და უფროსი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი შეთანხმება, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ევროჯასტთან დადებული შეთანხმება შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად საქართველოსთვის აუცილებელი და დროულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილი ეს ერთგვარი მაკოორდინირებელი რგოლი ხელს შეუწყობს, რომ ახალ საფეხურზე გადავიდეს და კიდევ უფრო ეფექტური იყოს თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციასთან, როგორიც არის ევროჯასტი”,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმებას თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოისმინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშები, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.
„უკვე მესამედ გვიწევს ანგარიშის წარდგენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით. პარლამენტის ჩართულობა მნიშვნელოვანია და ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, იმდენად, რამდენადაც ყალიბდება სამაგალითო მოდელად პარლამენტსა და სამინისტროებს შორის ურთიერთობის”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.
მომხსენებელმა დეპუტატებს მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია აღსრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების მკვეთრი კლება, კერძოდ: თუ 2011 წელს შეტანილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს – 365 საჩივარი, 2018 წელს შეტანილია მხოლოდ 99 საჩივარი.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში უმჯობესდება როგორც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მდგომარეობა, ასევე მოქალაქეების რწმენა ადგილობრივი ინსტიტუტების მიმართ”,-განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო ანგარიშებში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები.
„საანგარიშო პერიოდში მინიტრთა კომიტეტმა საბოლოო რეზოლუციები მიიღო და აღსრულებულად გამოაცხადა 6 საქმე, ასევე 37- მუხლის საფუძველზე აღსრულებულად ჩაითვალა გამოტანილი 7 განჩინება. რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, იქ სადაც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ხელახალი გამოძიება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების საფუძველზე, 2017-2018 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ და 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ეროვნული სასამართლოების მიერ. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებით/განჩინებით ხელისუფლებას აქვს ვალდებულება აწარმოოს გამოძიება”,- აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მომხსენებელმა, ასევე ისაუბრა ხელისუფლების მიერ აღსრულების კუთხით გატარებულ ზოგად ღონისძიებებზე და ანგარიშში მოცემულ სხვა საკითხებზე.
დღესვე, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში.
მისი განაცხადებით, ამჟამად, სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ 2 საქმეზე. ეს არის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება „X და Y საქართველოს წინააღმდეგ” და წამების წინაღმდეგ კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ.
„აღნიშნულ საქმეებზე დადგენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, მთავარი პროკურატურის მიერ გრძელდება ეფექტური გამოძიება. რაც შეეხება გაეროს გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს – გაეროს კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფოს მიუთითა მომჩივანთათვის კომპენსაციის მინიჭების თაობაზე, თუმცა 2016 წლამდე ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსობდა გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი მექანიზმი და იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების შედეგად საკანონმდებლო დონეზე ეს მექანიზმი შეიქმნა. შესაბამისად, 2017- 2018 წლებში მომჩივანებმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით ისარგებლეს და მიიღეს შესაბამისი კომპენსაცია”,-განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა საქმეთა აღსრულების მიზნით გატარებულ ზოგად ღონისძიებებზე.
კომიტეტმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ორივე ანგარიში მოიწონა და ცნობად მიიღო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.
კანონპროექტის მიღებით, კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო პრეროგატივის განხორციელების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული ნორმატიული აქტით, თავის მხრივ, მკაფიოდ განისაზღვრება ის რეგულაციები და პროცედურული წესები, რომელთა დაცვის გარეშეც შეწყალების თხოვნა ვერ აღსრულდება. კომიტეტების წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
კანონპროექტი მიზნად ისახავს დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებასთან, რეალიზაციასთან, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე, ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 6000 ლარის ოდენობით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო”, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”, „ევროპული საქართველო – რეგიონები” ინიციატივით წარდგენილი დადგენილებების პროექტები: „ზაზა ხარებავასთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე”, „ლევან გზირიშვილისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე” და „შოთა ქადაგიძისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე”. აღნიშნული დადგენილების პროექტის შემუშავების ინიციატივა ეკუთვნის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს შალვა შავგულიძეს.
დადგენილებების პროექტების მიხედვით: ზაზა ხარებავას, ლევან გზირიშვილის და შოთა ქადაგიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეთ მათ მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო.
როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, აღნიშნული პიროვნებები წლების მანძილზე არაჯეროვნად ასრულებდნენ თავის მოვალეობებს, რისი ილუსტრაციაც საქართველოს პარლამენტისთვის და საზოგადოებისთვის მოახდინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის შესახებ.
დადგენილებების პროექტებში მოყვანილია ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა განხილული დადგენილებების პროექტებს რადგან მიიჩია, რომ ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მოვალეობის შესრულება შეფასებულია არაჯეროვნად, დაუსაბუთებელია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ივლიან წულაიამ წარმოადგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. ასევე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.