„მსჯავრდებულმა სოფრომაძემ თვითდაზიანებები მიიყენა და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე“

“5 მაისს მსჯავრდებულმა ავთანდილ სოფრომაძემ თვითდაზიანება მიიყენა კანზე, მუცლის არეში და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე”, – ამის შესახებ „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, რომელიც რუსთავის მე-6 დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, მსჯავრდებულმა ფრჩხილების საჭრელი მაკრატლით თვითდაზიანება მიიყენა, რომლის წვერი კანქვეშ აქვს დაფიქსირებული (ხელით) და უარს აცხადებს ლითონის საგნის ამოღებაზე.
მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებული ავთანდილ სოფრომაძე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ავთანდილ სოფრომაძემ დაზიანება მიიყენა ფრჩხილების საჭრელი პატარა მაკრატლით, რომლის წვერი კანქვეშ აქვს დაფიქსირებული (ხელით) და უარს აცხადებს ლითონის საგნის ამოღებაზე. მსჯავრდებული იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია: აღენიშნება მცირედი ჰიპერემია, ინტოქსიკაციის ნიშნების გარეშე.
მსჯავრდებული N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღიდან (07.03.2019) უარს აცხადებს ყოველგვარ სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის – გეგმურ გამოკვლევებზე. ავთანდილ სოფრომაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახდენს. მსჯავრდებული ითხოვს N7 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას და ამ მიზნით აწყობს პროვოკაციებს.
ავთანდილ სოფრომაძე იმუქრება, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიას სხვა ტყუილ ინფორმაციასაც მიაწვდის.
მსჯავრდებული ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ცდილობს ციხის ადმინისტრაციის დაშანტაჟებასა და მისთვის სასურველი შედეგის მიღწევას – სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლას“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები