ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში მიემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის პირადი მიწვევით მიდის. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2 ივნისს ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ჯერ პირადად, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და კანცლერი ანგელა მერკელი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.
კანცლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან შეხვედრას გამართავს. გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება “კიორბერის ფონდის” წარმომადგენლებს, დაესწრება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას. საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოს გააცნობს გერმანული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-გერმანულ ბიზნესფორუმზე. ბიზნესფორუმი საინვესტიციო სააგენტოს მიერაა ორგანიზებული და მას გერმანული ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანია-საქართველოს კულტურის სფეროში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრება. საღამოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვა.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი,ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე შედიან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას დღეს ეწვევიან.