დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკში ღონისძიება გამართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ პროგრამების ბენეფიციარებსა და მათი ოჯახის წევრებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მთაწმინდის პარკში მიულოცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრმა ყოფილ პატიმართა, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის მონაწილეთა შვილებს, განრიდებულ არასრულწლოვნებს, რისკჯგუფს მიკუთვნებულ ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს მრავალფეროვანი ღონისძიებები შესთავაზა − უფასო ატრაქციონები, ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსი და მხიარული სტარტები.
ბავშვებს სახის მოხატვაც შეეძლოთ − ამისათვის მთაწმინდის პარკში სამხატვრო აკადემიის სტუდენტები იყვნენ მიწვეულნი. ასევე გაიმართა კონცერტი ახალგაზრდა პოეტებისა და მომღერლების მონაწილეობით. შემსრულებელთა შორის დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებიც იყვნენ.
ღონისძიების დასასრულ, ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ: საწერკალმები, ბლოკნოტები, მაისურები, ბუშტები და წიგნები.
რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წელს ამოქმედდა.
მას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს არა მხოლოდ ბენეფიციარებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც ზრუნვა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრი მათ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის, ინგლისური ენისა და პროფესიული გადამზადების კურსებს, ფსიქოლოგიურ დახმარებას; აწყობს მათთვის სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.