მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი მის მიმართ განხორციელებულ დევნაზე საუბრობს

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე – მამუკა ტუსკაძე მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკური ზეწოლის შესახებ საუბრობს.
პოლიტიკურ დევნაში ტუსკაძე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ ტუსკაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„საქმე ეხება ჩემი აქტივობებიდან გამომდინარე ჩემზე ზეწოლას, მუქარას, მოსმენებს, თვალთვალს. იყო სხვადასხვა სახის ზეწოლა, მაგალითად, ჩემი პირადი, მცირე ქონების წართმევასთან დაკავშირებით, რაც მოახერხეს კიდეც. ამის შესახებ უწყებათაშორის კომისიაზეც, რომლის წევრიც ვიყავი, შევძელი და დავაყენე საკითხი. ბევრი რაღაცაა, რაც ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე ხელისუფლებასა და, განსაკუთრებით, თეა წულუკიანს უქმნის დისკომფორტს. მე წულუკიანი მიპირისპირდება. კანონი იძლეოდა ამის საშუალებას და მე მის ქონებას ყადაღა დავადე. ყადაღა იმიტომ დავადე, რომ სწორედ ჩემს ქონებაზე იყო ასეთი ფორმით ყადაღა დადებული და მე ვუთხარი ქალბატონ წულუკიანს, რომ ეს არასწორი იყო და შეეძლო, ჩემი ქონებისთვის ყადაღა მოეხსნა. მან მითხრა, რომ ეს კანონიერი იყო. ის გაბრაზდა, უწყებათაშორისი კომისიიდან გამათავისუფლა. წულუკიანმა ბევრი რაღაცა მოახერხა ჩემ წინააღმდეგ. როცა პრობლემა იქმნებოდა და რაიმე განცხადებას ვაკეთებდი, ამის საპირწონედ აღსრულების ეროვნული ბიურო მადგებოდა სახლში სხვადასხვა სახის დავალიანების გადახდაზე. ასე მოხდა 2 დღის წინაც. ღამის 12 საათზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით, პოლიციის წარმომადგენლები ოჯახში შემომიცვივდნენ, შეეცადნენ, დაახლოებით, 700-ლარიანი დავალიანების აღსრულებას. არავინ მიხსნიდა, რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო საჭირო, რომ ჩემი ავტომობილი წაეყვანათ ღამის 12 საათზე. თურმე, ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით 26 მარტს მიუღია გადაწყვეტილება სასამართლოს ცალმხრივად, აღსრულება მოახდინეს მხოლოდ არჩევნების მეორე დღეს, 20 მაისს, საღამოს.
მე ვაგრძელებ აქტიურ სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებას. ბუნებრივია, თუ რაიმე განხორციელდა, გაგრძელდა ჩემ მიმართ ძალადობა, დევნა, ვაცხადებ, ეს არის თეა წულუკიანის ბრალი. მინდა, პირდაპირ ვთქვა, რომ ჩემ მიმართ ყოველგვარი დევნა, დაშინება, ოჯახში შემოვარდნა – თეა წულუკიანის მიერაა განხორციელებული. წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს“, – განაცხადა ტუსკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები