ირაკლი ღარიბაშვილმა შუალედური არჩევნების შედეგები შეაფასა (ვიდეო)

0

ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც, პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, როგორ უნდა დაიძლიოს საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და აქვს თუ არა მმართველ გუნდს კონტრსტრატეგია მის დასაძლევად, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში ობიექტურად არსებული ნიჰილიზმი ბუნებრივია, მმართველი გუნდის ბრალიცაა და ნიჰილისტურ განწყობებს ხელისუფლების მოქმედება, აქტიური მუშაობა უნდა დაუპირისპირდეს.

„ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც თუნდაც, პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი. ობიექტურად იყო მართვის პრობლემები და სხვა შეცდომები, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დაშვებული. ამ ყველაფერმა მოსახლეობის დიდ ნაწილში, მათ შორის, ჩვენს გულწრფელ და ერთგულ ამომრჩეველში ობიექტურად გამოიწვია განაწყენება და საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობები გამძაფრდა. ამ არჩევნებით მივიღეთ ის, რომ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს. ახლა, ჩვენ ხელთ არსებული რესურსები უნდა გამოვიყენოთ და ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ; მოსახლეობას უბრალოდ, იმედები უნდა გავუმართლოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ისმის სპეკულაციები, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერს გაუკეთა ორგანიზება და თითოეული ამომრჩეველი გამოიყვანა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მთაწმინდის ოლქში „ქართულ ოცნებას“ თავისი ძალებით მობილიზება რომ მოეხდინა, შედეგი სულ მცირე, ორჯერ მეტი იქნებოდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი 5-6%-ია და ხმები, რომელიც მთაწმინდის ოლქში ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო, ზოგადად, ოპოზიციისა და ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებია.

კომენტარები

კომენტარი