ირაკლი კობახიძე: ვიმეორებდით, რომ თუ აქტივობა მაღალი იქნებოდა, ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ და ასეც მოხდა

0

ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, არჩევნების დღის განმავლობაში და მანამდეც, ვიმეორებდით, რომ იმ პირობით, თუ იქნებოდა მაღალი აქტივობა, ჩვენი კანდიდატები აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ და თქვენ ნახეთ, რომ სადაც იყო მაღალი აქტივობა, ყველგან პირველი ტურში გაიმარჯვეს ჩვენმა კანდიდატებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მერის არჩევნები მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებთან შედარებით უფრო აქტუალურია, რადგან ეს ერთგვარად მუნიციპალიტეტის პირველი პირის არჩევას ნიშნავს.

,,ასეთი იყო აქტივობა ხუთივე ოლქში, დაფიქსირდა ზრდა აქტივობის კუთხით ხუთივე ოლქში და შესაბამისად, ჩვენ მოვახერხეთ ყველგან პირველ ტურში არჩევნების მოგება. გამონაკლისი იყო მხოლოდ მთაწმინდის ოლქი, რასაც ჰქონდა თავისი მიზეზები. იგივე, მერის არჩევნები არის გაცილებით უფრო აქტუალური არჩევნები მაჟორიტარი დეპუტატის, შუალედურ არჩევნებთან შედარებით. როცა ირჩევ მერს, მერი არის, ბუნებრივია, პირველი პირი შესაბამის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის ბუნებრივად უფრო მაღალი. რაც შეეხება მაჟორიტარს, 150-დან ერთ დეპუტატზეა მაინც საუბარი და ვიცით, რომ უმრავლესობის კუთხით ეს არსებითად არ ცვლის არაფერს. აქედან გამომდინარე, თბილისში ნაკლებად იყო აქტიური ამომრჩეველი. ეს იყო მიზეზი და სწორედ ამ ნაკლებმა აქტიურობამ განაპირობა ის, რომ ჩვენ პირველ ტურში ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მიღწევა. თუმცა, ვინც ერკვევა საარჩევნო სპეციფიკაში და ვისაც შეუძლია სიღრმისეულად გაანალიზოს ის შედეგი, რომელიც დაიდო მთაწმინდის ოლქში, ყველა დამეთანხმება, რომ მეორე ტურში ჩვენ არ გაგვიჭირდება არჩევნების მოგება. ჩვენც გვაქვს ამის ანალიზი გაკეთებული და ვართ თავდაჯერებული, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქაც არის დამოკიდებული ყველაფერი საზოგადოებაზე, მთაწმინდის მოსახლეობაზე.

ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ლადო კახაძე იქნება გამარჯვებული, თუმცა აქაც გვჭირდება, რა თქმა უნდა, სრული მობილიზაცია და კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს. შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში. ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი