ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ აქვს კვლავაც მყარი მხარდაჭერა საზოგადოების, ხალხის მხრიდან, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში

საბოლოო ჯამში, ყველა ოლქი იყო პრინციპული, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” იყო ეიფორიაში და 2019 წლის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები სპეციფიკური ხასიათის იყო. ,,ქართულ ოცნებას” კი კვლავ მყარი მხარდაჭერა აქვს.

,,საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშკარად გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთგვარ ეიფორიაში და ილუზიაში. მათ განაზოგადეს ამ არჩევნების შედეგები და მიიჩნიეს, რომ აქვთ ერთგვარი ზრდა რეიტინგში, თუმცა, ვერ გათვალეს ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის სპეციფიკური არჩევნები – ეს არის არჩევნები, სადაც არ აირჩევა პოლიტიკური ლიდერი იმ გაგებით, რომ პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი აღმასრულებელი ფუნქციების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, ეს იყო სპეციფიკური არჩევნები და ამან განაპირობა ის შედეგები, რომელიც დადგა საპრეზიდენტო არჩევნებში, კერძოდ, პირველ ტურში და ასევე, მეორე ტურზეც შეიძლება საუბარი. რეალურად, ეს იყო, ერთგვარი, ასე ვთქვათ, რეპეტიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის და ამან აჩვენა, ის, რომ ეს ეიფორია, რომელიც ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობაში“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იყო, რეალურად, საფუძველს მოკლებული. „ქართულ ოცნებას“ აქვს კვლავაც მყარი მხარდაჭერა საზოგადოების, ხალხის მხრიდან, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, რეალურად, მას არ აქვს შანსი, რომ 2020 წელს მიაღწიოს წარმატებას. რაც შეეხება, ზოგადად, ოპოზიციას, არის ცუდი სურათი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის ინტერესშია, მოქალაქეების ინტერესშია, საზოგადოების ინტერესშია, სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი და ძლიერი უნდა იყოს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მას არ უნდა ჰქონდეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი, როგორიც აქვს, ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორიც აქვს „ევროპულ საქართველოს“. ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ის, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი და გაჯანსაღდეს ოპოზიცია და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გვექნება დადებითი ტენდენციები 2020 წლისთვის და ასევე, 2020 წლის შემდეგაც,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები