თამარ ხულორდავა რიჩარდ ტიბელსს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს რიჩარდ ტიბელსს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის 10 წლის იუბილეს და ამ პოლიტიკის ფარგლებში სამომავლო გეგმებს. თანამშრომლობის სამომავლო საკითხებს შორის, სტუმარმა ორი ძირითადი მიმართულება – კანონის უზენაესობა და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება გამოყო.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათმა წელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერთი მხრივ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებაში, და მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყო მონაწილე ქვეყნებს შორის საერთო სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებას. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტებს შორის უითიერთთანამშრომლობას და მიღწეულ შედეგებს.

თამარ ხულორდავამ სტუმრებს გააცნო ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობდა, მათ შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით შრომის კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონებში შეტანილი ცვლილებები.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თაავმჯდომარემ ასევე, ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს შეეხებოდა.

შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე, შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით მიგრაციასა და თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ნაკადის შემცირების საკითხს, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.

„რიჩარდ ტიბელსი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ამბობს რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მანძილი შემცირდა და ამასთან, ჩვენ უკეთ გავიცანით ერთმანეთი. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის კარგ მუშაობას და შედეგებს, ისევე, როგორც სახალხო დამცველის მანდატის გაზრდას და თანასწორობის უზრუნველსაყოფად ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბებას. ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ მუშაობას სასამართლო რეფორმაზე და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები