ირაკლი ღლონტი: აღარ არსებობს დემოკრატია, არ არსებობს არჩევნები, არ არსებობს სასამართლო და არ კანონობს კანონი

პოლიტიკური პარტიის ,,კანონი და სამართალი”-ს გენერალური მდივანი, ირაკლი ღლონტი 2019 წლის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით,  საქართველოში დასრულდა დემოკრატია და ამ მოცემულობაში ილუზორულია არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება.

,, ერთადერთი, ვინც ე.წ. ,,არჩევნებში” მარცხი განიცადა, ეს არის ქართული სახელმწიფო და მისი საჯარო ინტერესები, ვინაიდან კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ ,,ქართული ოცნება” უხეშად უგულველყოფს, როგორც ქართველი ხალხის ნებას, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ( OSCE / ODIHR), ასევე, აშშ-ის, როგორც ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირის შეფასებებს და ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მზად არის ყველა დონეზე მიიტაცოს ძალაუფლება და ამ მიზნისთვის ჩრდილი მიაყენოს ისედაც სუსტად წარმოდგენილ ქართულ დემოკრატიას და მის საერთაშორისო იმიჯს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დასრულდა დემოკრატია. სასამართლო სისტემა მართულია ღირსების მიღმა მყოფი, პარტიული დირექტივების შემსრულებელი კორუმპირებულ-კლანური დაჯგუფების მიერ და არჩევნები, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოსახლეობამ კერძო, კონსტიტუციური ნების საფუძველზე უნდა განახორციელოს ხელისუფლების კონტროლი და მისი ცვლილება, ტარდება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით, წინასწარ დაწერილი ციფრების დოკუმენტურად გასაფორმებლად.

ვფიქრობ, ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა საგანგაშო სიგნალს, რომ პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკურმა ძალამ აღიაროს ოლიგარქიული მმართველობის პირობებში სახელმწიფოს წინაშე დამდგარი აშკარა საფრთხე, რომ პრაქტიკულად ილუზორულია ე.წ. არჩევნების გზით რუსული ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, კონტრეფექტური და კორუფციული ხელისუფლების ცვლილება და კანონის და სამართლის ფარგლებში, ალტერნატიული გზებით განხორციელდეს ხალხისთვის ძალაუფლების უკან დაბრუნების პროცედურები.

ხელისუფლება უზურპირებულია, მიზნამიმართულად გაღარიბებული მოსახლეობის ნება გაყალბებული, აღარ არსებობს დემოკრატია, არ არსებობს არჩევნები, არ არსებობს სასამართლო და არ კანონობს კანონი.

ვფიქრობ, დადგა დრო, დისკომფორტი შევუქმნათ ,,ქართულ ოცნებას” და ეს გავაკეთოთ მალე, კანონის და სამართლის სახელით, სახელმწიფოსთვის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ” – ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები