ზურაბ ჯაფარიძე „ევროპულ საქართველოს“: ყველა ძალადობრივი სისტემა თქვენი აწყობილია

თუ ითხოვთ, რომ გენდოთ, არ გენდობით – ამ სიტყვებით პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ფეისბუქლაივისას მიმართა.
ჯაფარიძემ მთაწმინდის ოლქში გასამართ მეორე ტურზე გაამახვილა ყურადღება.
“თუ მოიგო შალვა შავგულიძემ, ეს იქნება სიგნალი, რომ ბიძინა სუსტდება, ხოლო მეორე სიგნალი იქნება, რომ „ევროპული საქართველო“ იმყარებს პოზიციებს. პირველი ძალიან კარგია, ბიძინა რომ სუსტდება, მაგრამ „ევროპული საქართველო“ რომ გაიმყარებს პოზიციებს, ეს რამდენად კარგია, ამაში „გირჩი“ მაინცდამაინც არ არის დარწმუნებული. იქამდე, ვიდრე თქვენი პარტიის თავმჯდომარე დიდი კელაპტრებით დარბის რელიგიურ დღესასწაულებზე ტელევიზიაში გამოსაჩენად, სანამ გულწრფელად არ დავინახავთ, რა გინდათ საერთოდ, გარდა ძალაუფლებისა და კომფორტისა, სანამ ნარკოპოლიტიკაზე გექნებათ პოზიცია, რომ მხარს კი ვუჭერთ დეკრიმინალიზაციას, მაგრამ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სინამდვილეში მხარს უჭერთ იმას, რომ უდანაშაულო ხალხი გაუშვათ ციხეში იმის შიშით, რომ ხმები არ დაკარგოთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რას იზამთ, როდესაც ძალაუფლება თქვენი იქნება. მეტიც, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სისტემური ძალადობა გაგრძელდება ბევრი მიმართულებით. მთავარია, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, მაგას „გირჩი“ არ ჭამს. შინაარსი და აზრი გვაინტერესებს, მართლა თუ არ დავინახეთ ეს, არაფერი გამოვა, მანამდე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს გამარჯვებაზე. თუ ითხოვთ, რომ გენდოთ, არ გენდობით. არც იმის ზომვას ვაპირებთ, ვის ხელში უფრო ნაკლებად იქნება ძალადობრივი სისტემა. ყველა ძალადობრივი სისტემა, იქნება ეს სასამართლო, პროკურატურა, განათლების სისტემა თუ საარჩევნო, ყველაფერი თქვენი აწყობილია. ამათი აწყობილი არ გაიშვა. თქვენი აწყობილი სისტემა ამათ გადმოიბარეს. არ გვაქვს გარანტია, რომ უკან არ გადაიბარებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები