იტალიაში ტბაში ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს

იტალიაში ქართველი ემიგრანტის, თამუნა ნეფარიძის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ამ დროისათვის იტალიაში, საქართველოს საკონსულოში არ შესულა.
თუმცა, სამინისტროში განმარტავენ, რომ კონსულს თავად ჰქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ სამართალდამცავებთან.
„მათ დაუდასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. იტალიაში საქართველოს კონსული კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მოხდება მისი გადმოსვენება“, – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, იტალიაში ქართველის ემიგრანტის გარდაცვალების ფაქტი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, თამუნა ნეფარიძის ცხედარი ტბაში იპოვეს.
მოკლეს, თუ თავი მოიკლა, ამ ეტაპზე უცნობია. ფაქტია, ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე საკუთარ იუბილეზე დაასრულა. ახალგაზრდა ქალი ქ. რუსთავიდანაა. ის იტალიაში, ტრენტოში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ტრაგედიამდე თამუნა ნეფარიძე იუბილარი იყო.
„ტბაში იპოვეს შენი გაყინული სხეული….. რატომ აარჩიე შენი დაბადების დღე, რატომ….იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებითა და მოგონებებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე… რა ცარიელია სამყარო უშენოდ. გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ. ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები, თითქოს, გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს. სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა“, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.
თამუნა ნეფარიძეს ვაჟი ჰყავს. სოციალურ ქსელში ლაშა ჟორჟოლიანმა დედას იუბილე ემოციურად მიულოცა.
„ჩემს ყველაზე ლამაზ, ჩემს ყველაზე მაგარ, ყველაზე ძლიერ, ყველაზე მეგობრულ დედიკოს ვულოცავ დაბადების დღეს. ბედნიერებაა, როცა ასეთი მაგარი ადამიანის შვილი გქვია, ცხოვრებისეულ წარმატებას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებ. სიყვარული ხარ…“, – ამ სიტყვებით ულოცავს შვილი დედას დაბადების დღეს.  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები