„13 წელი დევნილობაში“ – „კავკასიურ სახლში“ ფილმის ჩვენება გაიმართება

20 მაისს, 17 საათზე, „კავკასიურ სახლში“ გაიმართება ჩვენება ფილმისა – „13 წელი დევნილობაში“, რომელიც 2006 წელს ჩვენი ორგანიზაციის ვიდეოსტუდიამ გადაიღო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმში აღწერილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილების ყოფა, ყურადღება გამახვილებულია მათ მთავარ პრობლემებსა და სირთულეებზე. ფილმში რესპონდენტები გამოხატავენ დამოკიდებულებას ომის, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერსპექტივისა და დიალოგის მნიშვნელობის შესახებ.
„კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის გუნდს მნიშვნელოვნად მიაჩნია, სტუდენტებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად, ფილმის გადაღების შემდეგ განვითარებული მოვლენების განხილვა. ფაქტია, რომ 2006 წლის შემდეგ დევნილთა ნაწილის სოციალური მდგომარეობა, იმედები და პოზიციები მეტწილად შეიცვალა. გვჯერა, რომ დასახელებულ ცვლილებებსა და დინამიკაზე დაკვირვება ხელს შეუწყობს საქართველოს უახლესი ისტორიის უმთავრესი მახასიათებლების გამოკვეთას“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ფილმს წარადგენს და დისკუსიას გაუძღვება „კავკასიური სახლის“ თანამშრომელი, მიხეილ ბეროშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები