ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის მაპის მინიჭებას ითხოვს

    ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, შეასრულონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის მიენიჭოს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 30 მაისს მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსადა. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ალიანსის გაფართოების შესახებ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ასამბლეა მოუწოდებს ნატოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს, კვლავაც დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკისა და იმ ქვეყნების ევროატლანტიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება, რომლებიც ნატოს წევრობისკენ ისწრაფვიან. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ნატოს გაფართოება არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ აძლიერებს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებსა და სტაბილურობას.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხული სესია ვილნიუსში 30 მაისს გაიხსნა. მასში მონაწილეობენ ნატოს 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი, ალიანსის 14 პარტნიორი-ქვეყნის პარლამენტის, ევროპარლამენტის წევრები და რამდენიმე პარლამენტთაშორისი გაერთიანება. ამასთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი საგაზაფხულო სესია რუსეთის გარეშე გაიხსნა.
ვილნიუსში ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ სამი, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს გაფართოების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები