“ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს და მათ”ქართული ოცნების” კანდიდატი იგებს ზუგდიდში”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანლის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, არჩევნებს სანდრა რულოვსი დამაჯერებლად მოიგებს.
“ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადება შეგვიძლია, მარტივად შევაფასოთ: ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი! ეს ადამიანები ისევე იტყუებიან, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ატყუებენ ქართულ საზოგადოებას. სწორედ ამ ტყუილების დასტურია, რომ ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხალხი გაჭირვებულია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს – ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს და მათი კანდიდატი იგებს ზუგდიდში. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 53% რომ აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას და ვნახეთ, რომ მან მხოლოდ 38% აიღო, დიდი გაყალბებისა და მოსყიდვების შედეგად. სიმართლე არის ერთი, რომ დამაჯერებლად იგებს სანდრა რულოვსი და, როგორც ჩანს, აგონიაში მყოფ ხელისუფლებას ამის მეტი არაფერი დარჩენია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის შედეგებით, ზუგდიდში მერის შუალედურ არჩევნებზე გეგა შენგელია 12 პროცენტის სხვაობით იმარჯვებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდს შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე ისაუბრა.