“სამეგრელოში 5000-მდე მხარდამჭერის ჩაყვანას გეგმავენ” – “ოცნება” ოპოზიციის “დესტრუქციულ” გეგმას ასაჯაროებს (ვიდეო)

 “გეგმა ასეთია – გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებამდე, ზუგდიდში 5000-მდე მხარდამჭერს ჩაიყვანს. არჩევნების დღეს მათ მუნიციპალიტეტის 107 უბანზე გადაანაწილებენ. თითო უბანზე, როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოყვანილ 50-მდე წარმომადგენელს მიამაგრებენ. მაქსიმალურად შეეცდებიან “ტემპერატურის” აწევას, სიტუაციას დაძაბავენ და დესტაბილიზაციის შექმნას შეეცდებიან”, – ასეთია შუალედურ არჩევნებზე”ქართული ოცნების” პროგნოზი და ინფორმაცია, რაც “კვირას” განუცხადეს.

მოსალოდნელ პროვოკაციებზე განცხადება “ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბში ირაკლი ჩიქოვანმაც გააკეთა:

“დღეს ოპოზიციის ყველა მოქმედება დესტრუქციულია და “ნაციონალური მოძრაობა” არ მალავს, რომ ისინი გათვლას ზუგდიდელებზე კი არ აკეთებენ, არამედ იმ ადამიანებზე, რომელთა ჩამოყვანასაც გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში. მივმართავ ზუგდიდელებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

თავის მხრივ, რულოვსმაც არ უარყო, რომ მხარდამჭერები სხვა რეგიონებიდან, მათ შორის, დედაქალაქიდან ჩამოჰყავთ, თუმცა ამაში პრობლემა ვერ დაინახა და კატეგორიულად უარყო, რომ სამეგრელოში მხარდამჭერების ჩაყვანის ხარჯებს პარტიის ბიუჯეტით ფარავენ.

“ძალიან ბევრი ჩვენს მომხრეებთან სახლში ცხოვრობს. თქვენ, ალბათ, არ იცით, რამდენი მომხრე გვყავს აქ, ზუგდიდში. ალბათ, ზოგიერთი ნაქირავებშიც არის, მაგრამ ამას თვითონ აფინანსებენ, პარტია ამას ძალიან იშვიათად აფინანსებს”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ის, რომ ხალხის მობილიზებას ოპოზიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახდენს, განმუხურის შეხვედრაზეც გამოჩნდა. რულოვსის მხარდამჭერები სამარშრუტო ტაქსებით ძირითადად თბილისიდან, გურიიდან და იმერეთიდან ჩაიყვანეს. “კვირასთან” ინტერვიუში მათ ფაქტი დაადასტურეს კიდეც. “ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ მხარდამჭერების ზუგდიდში ჩასაყვანად, ოპოზიციამ სოლიდური ფული გადაიხადა. ეს იმ ფონზე, როდესაც ენმ-ის ლიდერები თავს “ღარიბი ხალხის ღარიბ პარტიად” მოიხსენიებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები