“ზუგდიდში ათასობით ადამიანი დესტრუქციის მოსაწყობად ჩამოჰყავს” – ჩიქოვანის ბრალდებას რულოვსი პასუხობს (ვიდეო)

“ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუცქციული ქმედებებით საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციას ცდილობს. ამ მიზნით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანას გეგმავს.
“ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდამჭერები პროვოკაციებს გეგმავენ.

“დღეს ოპოზიციის ყველა მოქმედება დესტრუქციულია და “ნაციონალური მოძრაობა” არ მალავს, რომ ისინი გათვლას ზუგდიდელებზე კი არ აკეთებენ, არამედ იმ ადამიანებზე, რომელთა ჩამოყვანასაც გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში. მივმართავ ზუგდიდელებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს. ისინი მზად არიან იმისთვის, რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაიდენს და ვისი მომხრე იქნება. ჩვენი ინტერესია, ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს; ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი. სწორედ ამის წარმოჩენას ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩამოჰყავს თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციას ადამიანები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონიდან ზუგდიდში, აღნიშნული შესახებ “კვირამ” ოპოზიციის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს ჰკითხა. ექსპრეზიდენტის მეუღლემ ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

“ძალიან ბევრი ჩვენს მომხრეებთან სახლში ცხოვრობს. თქვენ, ალბათ, არ იცით, რამდენი მომხრე გვყავს აქ, ზუგდიდში. ალბათ, ზოგიერთი ნაქირავებშიც არის, მაგრამ ამას თვითონ აფინანსებენ, პარტია ამას ძალიან იშვიათად აფინანსებს”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები