„არც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის ისეთი ერთგული მოკავშირე, როგორიც არა ნატოს წევრი საქართველო“
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონგრესმენმა ტედ პოუმ განცხადება გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენის დეკლარაცია, რუსეთის იმპერიის ქვეშ 117- წლიანი არსებობის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო და ამით დააარსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა 1921 წლის თებერვალს წითელმა არმიამ დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა ხელყო.
„საქართველომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 700 000 ჯარისკაცზე მეტი შესწირა მეორე მსოფლიო ომის დროს მსოფლიო თავისუფლებას, გარდა ამისა, ის მოკავშირეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობითა და სახსრებით ამარაგებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველო კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გვევლინება და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორობა.
თუმცა გარკვეულ ძალებს ჩრდილოეთით ეს მეგობრობა აღიზიანებდათ და დღემდე აღიზიანებთ. საქართველომ, რომელიც დღემდე ეჭიდავება რუსულ ტირანიას, ძალიან კარგად იცის, თუ რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს ამ მეგობრობის მოწინააღმდეგე ძალებისგან. ამიტომ საუკეთესო გზა, დავიცვათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, არის ერთად დგომა ისე, როგორც ეს ბევრჯერ გვიქნია. ამერიკული გადმოსახედიდან არც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის ისეთი ერთგული და მდგრადი მოკავშირე, როგორიც არა ნატოს წევრი საქართველო, რომელიც განსაკუთრებულ მოკავშირედ მოგვევლინა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ.
ქართული მხედრობა მხარდამხარ იბრძოდა ერაყსა და ავღანეთში და დღემდე განაგრძობს სამშვიდობო მისიაში მონაწილოებას. საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორია არა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის“, – აღნიშნავს ტედ პოუ.
კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ მას საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების საკითხში აშშ უფრო ქმედითი იყოს და დასახოს ნათელი გზა, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოოდ განუმტკიცებს ადგილს ნატოში.
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის მნიშვნელობა, ჩვენ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმებით დავამტკიცეთ და მას შემდეგ საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა მზაობა, იდგეს ჩვენს გვერდით თავისი დემოკრატიული რეფორმებითა და განვითარებით.
მე მსურს, რომ აშშ უფრო ქმედითი იყოს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების საკითხში და დასახოს ნათელი გზა, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოოდ განუმტკიცებს ადგილს ნატოში. თებერვლის თვეში მე სიამაყით წარმოვადგინე აშშ-ს საქართველოსთვის დახმარების პროექტი, რომელიც მას ნატოში ინტეგრაციის გზაზე დიდად დაეხმარება. ასე, რომ ჯერი ბატონი ობამას ადმინისტრაციაზე და ევროპაში ჩვენს მოკავშირეებზეა, რომ ამ წლის ნატოს სამიტზე უელსში თავისი სიტყვა თქვან. ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით, ვინც ჩვენს გვერდით დგას. უნდა ვცეთ პატივი და დავიცვათ დამოუკიდებლობა ერთად. მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად დაეხმარებიან მსოფლიოს ხალხებს, შეიცნონ თავისუფლების სიტკბო. და ეს ზემოთ აღნიშნული გზით უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნულია კონგრესმენის განცხადებაში.