„ახალი კანონის ამოქმედებით ცხოველთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“ – „ცხოველთა დაცვის ფედერაცია“

ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარე, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი – თემურ ლაჭყეპიანი აცხადებს, რომ კანონპროექტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ არის პუნქტები, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში ცხოველთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ამის შესახებ თემურ ლაჭყეპიანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობდა კანონპროექტის შემუშავებაში. მე სამუშაო ჯგუფის წევრი ვარ.
ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში არის ისეთი პუნქტები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნებს, ცხოველთა საერთაშორისო კონვენციებს. რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას.
ერთ-ერთი პუნქტია შემდეგი – მძღოლის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ცხოველის შემთხვევაში  თუ არ შეატყობინებენ, სანქციად დაეკისრებათ 50-ლარიანი ჯარიმა. პრაქტიკულად, ცხოველთა თავშესაფრების დიდი რესურსი მიდის ტრავმირებული ცხოველების ვეტერინარულ მომსახურებაზე და ამის ფონზე მიდის სასჯელის შემსუბუქება, 50 ლარი დაეკისრება პირს ცხოველის მოკვლის შემთხვევაშილ უსულო საგანს რომ დაეჯახოს, მაგალითად – ბორდიურს, ამ შემთხვევაში 250 ლარი დაეკისრება. ამ ჩანაწერს ვეწინააღმდეგებით.

ერთ-ერთი პუნქტია, რომ კონკრეტულ მისამართზე პირს შეუძლია, 5 შინაური ცხოველი ჰყავდეს. თუ მეტი ეყოლება, 300 ლარით დაჯარიმდება, ან უნდა დარეგისტრირდეს ცხოველთა თავშესაფრად. ცხოველთა თავშესაფრის რეგისტრაცია, თავის მხრივ, ითვალისწინებს უამრავი სტანდარტის დაცვას. თუ ნებისმიერ პირს ეყოლება 4 ზღვის გოჭი და 1 კატა, ლიმიტი ამოწურული ექნება და აღარ ექნება საშუალება, ძაღლი აიყვანოს. ასეთი სახის ჩანაწერი ნიშნავს ცხოველების შემფარებლების უფლებების დარღვევას.

ასევე, არის ჩანაწერი: ცხოველის ყოლის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის დაკბენა, დაკაწვრა, ამ ცხოველის მეპატრონე უნდა იქნას დაჯარიმებული 800 ლარით. ძაღლი იცავს თავის ტერიტორიას. თუ შევა უცხო პირი, მაგალითად, ქურდი და ძაღლი მას დაკაწრავს, 800 ლარი დაეკისრება ძაღლის მეპატონეს.
ისეთი ჩანაწერებია, პრეცედენტები არ მოეპოვება სხვა ქვეყნებში. ჩვენთვის უცნობია, საიდან მოხდა ასეთი ჩანაწერების მიღება, როცა შეთანხმებულები არ ვყოფილავრთ ასეთ რამეზე.
როცა ხდება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, დასახიჩრება, მოკვლა, ჯარიმის სახე არ უნდა იყოს გამოყენებული, უნდა იყოს პასუხისმგებლობის სხვა სახე. ახლა წერია: უნდა მოხდეს ან დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში არ ხდება დამნაშავეების დაპატიმრება და სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება ხოლმე.
კანონპროექტის ეს ვარიანტი, რეალურად, არ ასახავს ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს, არ ითვალისწინებს ცხოველის კეთილდღეობას“, – განაცხადა თემურ ლაჭყეპიანმა.
ცნობისთვის, კანონპროქტის განხილვა პარლამენტში, სავარაუდოდ, 17 მაისს უნდა დაიწყოს.
კანონპროექტის განმარტებით ნაწილში წერია, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი მიზნად ისახავს ქვეყანაში შინაური ბინადარი ცხოველის ხარისხიანი გარემოს დამკვიდრებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და დაცვას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა სერვისებთან ერთად, უნდა შეიქმნას სპეციალური ბაზაც, სადაც პატრონები შინაურ ცხოველებს დაარეგისტრირებენ.
საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრაციასა და დროებით რეგისტრაციას. რეგისტრაციის შემდეგ კი შინაური ბინადარი ცხოველის მაინდენტიფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენს სვირინგი, “საჭდი“, მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური, რომელზეც განთავსებულია შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი და მეპატრონის მონაცემები.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, დაუშვებელი ხდება შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენება ისეთი საშუალებებითა და მეთოდებით, რაც მათ ტანჯვას ან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს. რაც შეეხება მოკვდინებას – აუცილებელი ხდება მოკვდინებისას ჰუმანური მეთოდების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით დადგინდება შინაური ბინადარი ცხოველის განუკურნებელი და საშიში დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელი ცხოველის მოკვდინება მისთვის სიცოცხლის განზრახ მოსპობად ჩაითვლება.
კანონპროექტში წერია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარ ცხოველს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს შინაური ბინადარი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა.
შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე კანონით ვალდებული ხდება, უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის მოვლა-პატრონობა ან გასხვისება.
ამასთან, კანონით დაუშვებელი ხდება შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება და, ასევე, ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელი იქნება შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.
თუკი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავდა ან დაიღუპა შინაური ბინადარი ცხოველი, მძღოლი ვალდებული ხდება, ამის თაობაზე პოლიციას შეატყობინოს.
ამავე პროექტის მიხედვით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე, ერთ ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი და ტერიტორია ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში აკრძალული იქნება 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები