ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო გოგუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
„ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს პარლამენტში, როდესაც სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსჯელობენ რუსული რბილი ძალის საფრთხეებზე საქართველოში და განიხილავენ საკითხებს – თუ როგორ უნდა იქნას შემცირებული რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია ქვეყანაში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მისი განმარტებით, მოკვლევის ჯგუფი საქართველოს პარლამენტში უკვე სამი თვეა, მუშაობს, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც როგორც პარლამენტის, ასევე, საქართველოს მთავრობის მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს.
„აუცილებლად გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკოორდინირებელი ორგანოს გაჩენის საკითხი და რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, საკანონმდებლო დონეზე მსჯელობის გახსნას – თუ როგორ გავხადოთ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში მეტად გამჭირვალე, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია – რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან რომელი ქვეყნის ინტერესი დგას და რა ინტერესებს ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ კოლეგებმა „ევროპული საქართველოდან“, რომლებიც ასევე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში არიან, ის საკითხები რომლებიც დახურულ ფორმატში კომისიის მიერ იყო განხილული, პარლამენტს უკვე საკანონდებლო ინიციატივის სახით წარუდგინეს.
„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობ და როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები არის პრიორიტეტული, პარტიულმა ინტერესმა არ უნდა გადასძალოს პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს ქვეყანაში, პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ პრობლემისა და საფრთხის აღიარება, ერთობლივი მუშაობა და კონსესუსი საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და ევროპული პარტიები“, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
საკითხის მთავარმა მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის პარტნიორებს – ვესტმინსტერის ფონდს, ადგილობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ჯგუფის მუშაობაში.
„მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, დასაბუთებული მოსაზრებები, კვლევები, ანგარიშები, რომელიც წარმოუდგინეს მოკვლევის ჯგუფს იყო ძალიან ღირებული. ეს იყო ის ინფორმაცია, რომელზეც მოკვლევის ჯგუფმა ასეთი მნიშვნელოვანი საქმიანობა გაწია“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოო ანგარიშს, სავარაუდოდ, ივნისში დაასრულებს.
საკითხები, რომელიც თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავ,ა საბოლოოდ, რეკომენდაციებში აისახება და როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე, პარლამენტს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები