პროკურატურა: საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათშია

„საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით“, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათაშია ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა.
„ტრეფიკინგი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2018 წლის 28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ. საქართველო წინა წლების მსგავსად, კვლავ ინარჩუნებს პირველ კალათაში ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე, შეუქცევად და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათაშია ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება, როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებს კონსულტაციებს უწევენ და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ პოლიტიკას აგრძელებს, პროაქტიულად ხორციელდება ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ყველა შესაძლო ფაქტზე 31 მყისიერად იწყება გამოძიება და ხორციელდება ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობა. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 ტრეფიკიორის მიმართ. 2018 წელს პროკურორებისთვის განახლდა სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა მოპყრობის შესახებ. 2018 წელს განხორციელდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებთან მიმართებაში გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების საკითხებზე გამოცემული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი და ანგარიში გასაჯაროვდა პროკურატურის ვებგვერდზე“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ შემდეგი უწყებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.
„2018 წელს ამერიკის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის სამუშაო ჯგუფისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეების 2017-2018 წლების ანალიზი. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვა ტრეფიკინგის საქმეებში პრიორიტეტულად ხორციელდება. 2018 წელს ტრეფიკინგისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის თემაზე ჩატარდა 14 სასწავლო აქტივობა. ასევე, განხორციელდა სასწავლო ვიზიტები ბუდაპეშტსა და სტოკჰოლმში. ამასთან, სამართალდამცავთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) ორგანიზებით განხორციელდა 2 გაცვლითი პროგრამა საქართველოს, საბერძნეთის და ბულგარეთის რესპუბლიკების მონაწილეობით. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში შედგა ორმხრივი ვიზიტები, 32 სადაც მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებსა და არსებული წარმატებული პრაქტიკის შესახებ; 2018 წელს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასა (თავშესაფარი) და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში. შეხვედრების მიზანი იყო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის აღნიშნული დაწესებულებების სამუშაო სპეციფიკის, დაზარალებულებისთვის/მსხვერპლებისთვის თავშესაფარსა და კრიზისულ ცენტრში არსებული სერვისებისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა. 2018 წელს პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში პროკურორებმა ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ 78 შეხვედრა გამართეს საქართველოს ყველა რეგიონში“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები