მიხეილ ბატიაშვილმა პროექტი -„ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა.
პროგრამა მოიცავს სკოლების მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას თეატრის, კინოსა და სამუზეუმო ცხოვრებაში.
„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდის მიმართულებით და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ პროექტში უკვე მონაწილეობა მიიღო ათასობით ბავშვმა. სექტემბრიდან ვემზადებით ძალიან აქტიურად, რომ ამ ინიციატივაში 10 ათასობით მოსწავლე ჩაერთოს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროექტის წარდგენისას.
ღონისძიებას პროექტის ხელმძღვანელი მაია დათუნაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე, რეჟისორები ნანა ჯანელიძე, კოტე ჩლაიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. ეროვნული კულტურა განათლების გაუყოფელი ნაწილია და მისი განათლების სისტემაში ინტეგრირება რეფორმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. პროექტი განათლების რეფორმის – „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.
პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის შეირჩა ისეთი სამუზეუმო ექსპონატები, როგორებიცაა: უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, შუა საუკუნეების უმდიდრესი მემკვიდრეობა და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები.
პროგრამა „სკოლა თეატრში“ ითვალისწინებს საქართველოს წამყვანი თეატრების რეპერტუარიდან მოსწავლეთათვის ისეთი სპექტაკლების ჩვენებას, რომლებიც ახლოსაა მათ სასწავლო პროგრამასთან. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სცენის მიღმა მიმდინარე პროცესებს, სპექტაკლის შემდეგ გაეცნონ მსახიობებს, შექმნან სპექტაკლის შესახებ რეცენზიები.
პროგრამა „კინო სკოლაში“ კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. სკოლებში კვირაში ერთხელ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება, რომლის დროსაც მოსწავლეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას კინემატოგრაფიის შესახებ და ნახავენ სპეციალურად შერჩეულ ქართულ და უცხოურ ფილმებს.
პროგრამა სამ მუზეუმში განხორციელდება: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღია ცის ქვეშ.