სსგს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილ პირებსა და პირობით მსჯავრდებულებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს

0

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილ პირებსა და პირობით მსჯავრდებულებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე – სოსო გიორგაძე და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი – თათია ხოჭოლავა სააგენტოში პრობაციონერებს შეხვდნენ და მათ სამუშაო პირობები გააცნეს.
„სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილ პირებს, მიუხედავად მათი სურვილისა, ხშირად არ ჰქონდათ შეფარდებული სასჯელის მოხდის შესაძლებლობა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად ჩაერთო პრობაციონერების დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში და, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით, პირველ ეტაპზე, 30 ბენეფიციარი შეირჩა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამოქალაქო აქტების გაციფრულების პროცესი (დიგიტალიზაცია) მიმდინარეობს, რაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის რეფორმის ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბენეფიციარები სააქტო ჩანაწერების გაციფრულებაში მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არის არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთი სახე, რომლის აღსრულება მსჯავრდებულს დაკისრებული აქვს სასამართლოს ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით. იგი გამოიყენება როგორც ძირითადი, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით.
სააგენტოს, თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და აღნიშნული ინიციატივით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბენეფიციართა დასაქმების პროცესში, რითაც ხელს უწყობს საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციასა და რესოციალიზაციას“, – აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი