“შეგვხვდა გიორგი გახარია არა მინისტრის, არამედ – უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში, ამას აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ განსხვავებული მანდატია”

გიორგი გახარია, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ექსპერტ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ის ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი.
„პირველ ყოვლისა, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შეგვხვდა ბატონი გიორგი გახარია არა მინისტრის რანგში, არამედ – უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში. ამას აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ განსხვავებული მანდატია. ეს არ არის მხოლოდ ერთ უწყებასთან მიმართული, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან უწყებასთან, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. საბჭო უფრო კომპლექსურია. სწორედ ამიტომაც, მე – ეკონომისტი გახლდით ამ შეხვედრაზე, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. ბუნებრივია, პირველ შეხვედრაზე ვერ იქნებოდა საუბარი ყველა თემაზე, მაგრამ იყო რამდენიმე ორგანიზაციული საკითხი. მაგალითად, მე შევთავაზე, რაც პრაქტიკულად გაიზიარა ბატონმა გიორგიმ, რომ ამ საბჭოსთან შეიქმნას სათათბირო, საკონსულტაციო ორგანო, რომელიც აპარატს, მაღალი თანამდებობის პირებს გაუწევს კონსულტაციას. ეს არ იქნება შტატის თანამშრომლები, რომლებიც თავისი გამოცდილებით, თავისი ცოდნით, თავისი კვლევის შედეგებით გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდიან და ეს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, რომ ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს უკვე დაგროვებულ ცოდნაზე.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს – იყო ამაზეც საუბარი, მათ შორის – ჩემი მხრიდანაც. როგორც ბატონი გიორგი შეგვპირდა, ეს თემები  შემდგომი განხილვისთვის მომზადებული იქნება და უფრო კონკრეტულად იქნება გამახვილებული მათზე ყურადღება”. – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები