ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში – სანდრა რულოვსს ზვიად გამსახურდიაზე მისი სიტყვები კვლავ გაახსენეს
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი და პარტიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე კამათი რულოვსის მიერ ერთ-ერთი დეპუტატისადმი მიმართვას მოჰყვა.
“გამეცით პასუხი, რას ნიშნავს თქვენი სიტყვები, რომ არჩევნებში მოგების გამო ყველაფერზე წავლენ”, – ჰკითხა რულოვსმა უმრავლესობის დეპუტატ გია დანელიას.
ირაკლი ლაგვილავამ, რომელიც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, რულოვსს უთხრა, რომ მას ზვიად გამსახურდიას დარბაზში საუბრის მორალური უფლება არ ჰქონდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა დარბაზი მალევე დატოვა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა.