“ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ორჯერ გაიზარდა, ეს უკვე ეპიდემიის მანიშნებელია, თამბაქოს პროდუქტებში არომატები და საგემოვნო დანამატები უნდა აიკრძალოს” – ბახტურიძე

“თამბაქოს კონტროლის ალიანსი”, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის მიზნით ახალი ინიციატივებით გამოდის. ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.

” პირველ რიგშია საჯარიმო სანქციების მაქსიმალური გაზრდა [დახურულ სივრცეებში მოწევის წესის დარღვევაზე], ასევე ყველა პროდუქტში, როგორც სიგარეტში, ასევე ელექტრონულ სიგარეტში , გასახურებელ თამბაქოში არომატების და საგემოვნო დანამატების სრული აკრძალვა. ელექტრონულ სიგარეტს რაც შეეხება, იქ შეიძლება, მხოლოდ თამბაქოს გემოს არომატი დარჩეს, სხვა არომატები არ უნდა იყოს, რათა ბავშვები და ახალგაზრდები არ მიიზიდოს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ორჯერ გაიზარდა, ეს უკვე ეპიდემიის მანიშნებელია, ამიტომ სასწრაფოდ ღონისძიებებია მისაღები, რომ არომატიზატორების აკრძალვა, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების სრული აკრძალვა მოხდეს. ასევე ბაზარზე ახლახან შემოვიდა პროდუქტი, რომელიც ბავშვებისთვის მიმზიდველი გახდა, ესაა საწუწნი ნიკოტინი და ჯანმრთელობას საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ნიკოტინი არა მხოლოდ მიჯაჭვულობას იწვევს, არამედ კარდიოტოქსინია და შესაბამისად, პირველ რიგში , გულ-სისხლძარღვთა სისტემას ურტყამს. ასევე პირველივე ეტაპზე პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ბევრმა ქვეყანამ ასეთი ახალი ტიპის პროდუქტები უკვე აკრძალა. ჩვენც გვაქვს წინადადება, რომ ასეთი ტიპის ახალი პროდუქტები უნდა აიკრძალოს.

მოგეხსენებათ, დღეს ამ პროდუქტების ლეგალური მიყიდვის ასაკი 18 წელია, რაც 21 წლამდე უნდა გაიზარდოს. ეს ასევე მაკონტროლებელ სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, საკონტროლო შესყიდვა მოახდინოს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანის ჩართვა საკონტროლო შესყიდვაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ასეთი ტიპის პროდუქტები ცივილურ ქვეყნებში ასე ხელმისაწვდომი, არ არის. განსაკუთრებით ხელმისაწვდომია ელექტრონული სიგარეტები. ელექტრონული სიგარეტები არა მხოლოდ სავაჭრო ობიექტებში იყიდება, არამედ იყიდება სამეურნეო საქონლის, მაღაზიებში, ქიმიის მაღაზიებში, იქამდე კომპიუტერული თამაშების დაწესებულებებში იყო, სადაც არასრულწლოვანები იყრიან თავს. ასევე, აუცილებელია, საცალო ლიცენზირების შემოღება. ეს პროდუქტები ლიცენზიის საფუძველზე სპეციალიზებული მაღაზიიდან უნდა იყიდებოდეს.

ჩვენ ამ წინადადებებს უახლოეს პერიოდში წარვადგენთ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად”- განაცხადა ბახტურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები